პარლამენტის წევრმა ნინო წილოსანმა ქონებრივი დეკლარაცია შეავსო.
როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, გასულ წელს მას მშობელმა 83 000 დოლარი აჩუქა. წილოსანი აღნიშნავს, რომ აღნიშნული თანხა მან მშობლის საკუთრებაში არსებული უძრავის ქონების გასხვისების შედეგად მიიღო.
ცნობისთვის, მშობლისგან საჩუქრები ნინო წილოსანს წინა წლების დეკლარაციებშიც უფიქსირდება. მაგალითად, 2022 წელს, შვილიშვილის სწავლისა და საცხოვრებლის გადასახადის სახით, 24835 GBP აქვს მითითებული. 2020 წელს შევსებულ დეკლარაციაში კი საჩუქრის სახით მშობლისგან 150 000 ლარი აქვს მითითებული.
რაც შეეხება დეპუტატის ანაზღაურებას, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მან გასულ წელს 53 000 ლარი მიიღო.
გარდა ამისა, მას შემოსავალი ჰქონდა კერძო კომპანიებში არსებული წილებიდან. კერძოდ, წილოსანი უთითებს, რომ მან კომპანია “მკურნალი 2022”-დან 62,700 ლარისა და 43,700 ლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო ამ კომპანიაში არსებული 52%-იანი წილი 222 ათას ლარად გაასხვისა.
სხვა შემოსავლებსა და ხარჯებში კი ნინო წილოსანს მითითებული აქვს , რომ 107 000 ლარის შემოსავალს სამი უძრავი ქონების გაქირავებიდან, საკუთარი ავტომობილის გაყიდვიდან კი 26 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო.
რაც შეეხება ხარჯებს, ნინო წილოსანმა იპოთეკური სესხის მომსახურებაზე 26 000 ლარი დახარჯა, შვილების სწავლის ხარჯებად კი ნინო წილოსანს 20.6 ათას გირვანქა სტერლინგი, 16 000 ლარი და 22 ათას დოლარი აქვს მითითებული.
რაც შეეხება ნინო წილოსანის დანაზოგებს, დეკლარაციის მიხედვით, მას ნაღდი ფულის სახით 183 000 აშშ დოლარი და 130 000 ლარი აქვს, “თიბისი” ბანკის ანაბარზე კი 2500 USD.