საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის ოჯახმა გასულ წელს ნახევარ მილიონ ლარზე მეტის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ კახა ბექაურის ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, რომელიც მან 2017 წლის 1 მაისს შეავსო.
გასული წლის განმავლობაში, კახა ბექაურმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობისთვის 233 988,00 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული, რაც თვეში დაახლოებით 19 500 ლარია. თუმცა, მისი ოჯახის შემოსავლები მხოლოდ ამ თანხით არ შემოიფარგლება. გარდა ამისა, ბექაურის მეუღლეს, ეკა ბერიძეს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ“-იდან, სადაც ის კომუნიკაციების დირექტორის პოზიციას იკავებს, გასულ წელს 303 575,00 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.
კახა ბექაურს კი, შპს „რითეილ ფროფერთიზ“-იდან, სადაც ის შპს-ს პარტნიორია (თანაპარტნიორები გიორგი ჩხეიძე; გოჩა ცქიტიშვილი), მხოლოდ გასულ წელს 28766,16 ლარი მიუღია.
კიდევ სამი შპს-დან (შპს „ორი ნაბიჯი“, შპს „მეგაპოლის კლასიკი“; შპს „სხვა არხი“) კი, სადაც ბექაურის წილები აქვს, დეკლარაციის მიხედვით, შემოსავალი გასულ წელს მიღებული არ მიუღია.
რაც შეეხება დეკლარაციის შევსების მომენტში კახა ბექაურის ანგარიშებზე არსებულ თანხებს, ქონებრივ დეკარაციაში აღნიშნულია, რომ კახა ბექაურს “თი–ბი–სი ბანკის” შემნახველი ანგარიშზე 12050,59 გირვანქა სტერლინგი; ხოლო ამავე ბანკის საკრედიტო ანგარიშზე 52510,98 დოლარი; 3516,46 ევრო და 29355,11 ლარი ჰქონდა. პროკრედიტ ბანკის მიმდინარე ანგარიშზე კი, 58,06 დოლარი ერიცხებოდა. “ქართუ ბანკის” მიმდინარე ანგარიშზე კი, 56667,00 დოლარი ჰქონდა.
რაც შეეხება ბექაურის მეუღლეს, ეკა ბერიძეს, მას “საქართველოს ბანკის” მიმდინარე ანგარიშზე 1022,07 ლარი; 3,32 დოლარი და 3,26 ევრო ჰქონდა. ხოლო “თი–ბი–სი ბანკის” შემნახველ ანგარიშზე 28098,21 ლარი; 17240,28 ევრო და 20000,00 დოლარი ჰქონდა. ხოლო ამავე ბანკის მიმდინარე ანგარიშებზე 45,55 დოლარი და 802,43 ევრო ერიცხებოდა.
საჯარო სამსახურის ვებ-გვერდზე განთავსებული დეკლარაციებიდან ირკვევა, რომ კახა ბექაურის ოჯახის შემოსავლები წინა წლებშიც საკმაოდ სოლიდური იყო.
2016 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ოჯახმა ჯამში 561 092. 73 ლარის შემოსავალი მიიღო, აქედან ბექაურის ანაზღაურება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია წევრი 242685.73 ლარი იყო.
2015 წელს შევსებული დეკლარაციის თანახმად, ოჯახს ჯამში 379 593,46 ლარის შემოსავალი მიუღია. აქედან ბექაურის ანაზღაურება 252843.46 ლარია.
რაც შეეხება 2014 წელს შევსებულ დეკლარაციას, მასში მხოლოდ ეკა ბერიძის შემოსავლებია მითითებული, რაც ჯამში 100 000 ლარია. კერძოდ, ეკატერინე ბერიძეს შპს „მეცხრე არხის“ წამყვანობისთვის 87500.00 ლარი, ხოლო ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გენერალური დირექტორის მრჩეველის (საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში) პოსტიდან 12500.00 ლარი აუღია.
2017 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნულია, რომ ბექაური-ბერიძის ოჯახი ექვს ბინას, მიწის ნაკვეთს, არასაცხოვრებელ ფართსა და ავტოფარეხს ფლობს.
კერძოდ, კახა ბექაურის 100,00%-იან საკუთრებაშია 2015 წელს, 64 500,00-დოლარად ნაყიდი 44,05 კვ.მ-ის ფართობის ბინა დუშეთის რაიონის, სოფელი კაიშაურებში (“მთავარცლა“), და ამავე მისამართზე არსებული 8000,00–დოლარად ნაყიდი 17,50 კვ.მ-ის ფართობის ავტოფარეხი.
ასევე, 2014 წელს, 80520,00-დოლარად ნაყიდი 73,20 კვ.მ-ის ფართობის ბინა თბილისში, მ. მაჭავარიანის ქუჩაზე, ლისი ვერანდას, B2 კორპუსში.
ამავე წელს, ამავე მისამართზე 101530,00-დოლარად აქვს 92,30 კვ.მ-ის ფართობის ბინა ნაყიდი ბექაურის მეუღლეს, ეკა ბერიძეს. გარდა ამისა, ბერიძეს, ამავე კორპუსში, 2014 წელს, 5880,00-დოლარად 9,80 კვ.მ -ის ფართობის სარდაფიც შეუძენია.
2016 წელს კი, კახა ბექაურს, 52000,00-დოლარად ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე 578,00 კვ.მ-ის მიწის ნაკვეთიც აქვს შეძენილი.
გარდა ამისა, ეკატერინე ბერიძის საკუთრებაშია ასევე, 1998 წელს, 28000,00-დოლარად ნაყიდი 60,00 კვ.მ-ის ფართობის ბინა თბილისში, ი. აბაშიძის ქუჩაზე. ასევე, 2006 წელს მემკვიდრეობით მიღებული 21,00 კვ.მ-ის ფართობის ბინა თბილისში, ახვლედიანის (ყოფ. პეროვის) ქუჩაზე.
ხოლო კახა ბექაურის 100,00%-იან საკუთრებაშია 1997 წელს, 15000,00-დოლარად ნაყიდი 65,00 კვ.მ-ის ფართობის ბინა თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე.
ეკატერინე ბერიძე ასევე ფლობს მსუბუქი ავტომანქანა ტოიოტა RAV4-ს, რომელიც 2014 წელს 32000,00 დოლარად უყიდია. როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, ავტომანქანა ბერიძემ ავტოსესხით შეიძინა. 28800,00, დოლარი მას საქართველოს ბანკიდან 2014 წლის 13 აგვისტოს აქვს გამოტანილი, ვადა 2017 წლის 13 აგვისტოს ეწურება, ხოლო ბანკისთვის გასულ წელს 17544,81 დოლარი გადაუხდია.
გარდა ამისა, ეკატერინე ბერიძის სახელზეა 16000,00-ლარიანი სამომხმარებლო სესხი, რომელიც მას საქართველოს ბანკიდან 2014 წლის აგვისტოში აქვს აღებული და ვადა 2017 წელს ეწურება, ხოლო გასულ წელს ბანკს 4925,82 ლარი გადაუხადა.
2015 წელს, ეკატერინე ბერიძეს კიდევ ერთი, 5310,00-ლარიანი სამომხმარებლო სესხი ჰქონდა საქართველოს ბანკიდან აღებული და ვადა გასული წლის ოქტომბერში ამოეწურა. ბანკისთვის კი, გასულ წელს 4633,53 ლარი გადაუხდია.
დეკლარაციის თანახმად, ეკატერინე ბერიძეს 2016 წელს ფართის გაქირავებით 24500,00 ლარის შემოსავალი მიუღია.
ამავე დეკლარაციიდან ირკვევა, რომ კახა ბექაურს, 2016 წლის 1 დეკემბერს, შპს „რითეილ ფროფერთიზ“-ის წილი 151 866,22, დოლარად გაუყიდია.
2016 წლის მაისში კახა ბექაურს თი ბი სი ბანკიდან იპოთეკური სესხი აუღია. ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, სესხის ვადა 2027 წელს იწურება, ხოლო ბექაურმა ბაკიდან 2016 წელს 47839,16 დოლარი მიიღო.
რაც შეეხება ოჯახის გასავლებს, ეკატერინე ბერიძეს შვილის, მარიამ ბექაურის სწავლისთვის 2770,00 ლარი, ხოლო კახა ბექაურს ასევე შვილის, გიორგი ბექაურის სწავლისთვის 8527,29 ლარი გადაუხდია.
შეგახსენებთ, რომ კახა ბექაური საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (GNCC) სრული შემადგენლობის უმრავლესობით 2020 წლის 24 იანვრამდე, რამდენიმე დღის წინ, 2 მაისს აირჩია.
GNCCის ცნობით, კახა ბექაურის კანდიდატურა კომისიის თავმჯდომარის არჩევნებზე კომისიის წევრებმა ერთობლივად წარადგინეს. მას კონკურენტი არ ჰყოლია.
ბოლო სამი წლის განმავლობაში კომისიის თავმჯდომარის პოზიცია ვახტან აბაშიძეს ეკავა. იგი კომისიის წევრის რანგში უფლებამოსილებას 2020 წლის 16 აპრილამდე გააგრძელებს.
კახა ბექაური GNCC-ის წევრად 2014 წლის 24 იანვარს დაინიშნა.
2012 წლის მარტიდან 2012 წლის დეკემბრამდე კახა ბექაური ტელეკომპანია “მეცხრე არხს” ხელმძღვანელობდა.
2010-2011 წლებში ტელეკომპანია „მაესტროს“ გენერალური დირექტორი იყო.
2005-2010 წლებში ტელეპროდუქციის სადისტრიბუციო კომპანია „Other Entertainment Limited“-ის გენერალური დირექტორი იყო.
2004-2005 წლებში საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზიის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოზიცია ეკავა.
2002-2003 წლებში კი – ტელეკომპანია“ მზის“ გენერალური დირექტორი იყო.