დიეგო მარადონას ყოფილი კლუბის „ნაპოლის“ საშინაო სტადიონს, შესაძლოა, ლეგენდარული არგენტინელის საპატივცემულოდ სახელი გადაარქვან.
ქალაქის საბჭოს წევრს კარმინე სგამბატის ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები ექნება ნეაპოლის სპორტულ კომისიასთან.
„მან მილიონობით ნეაპოლელს იმედი აჩუქა. დიეგო არმანდო მარადონა იმსახურებს იმას, რომ მის ხსოვნას პატივი მივაგოთ იმისთვის, რაც ნეაპოლისთვის გააკეთა.
სტადიონისთვის მარადონას სახელის მინიჭება _ ნეაპოლელთა ოცნებაა, რადგან დიეგომ მათთვის ძალიან ბევრი გააკეთა და მათ ტემპერამენტს ასხივებდა.
დაველაპარაკები სპორტულ კომისიას, რათა დიეგო მარადონას საპატივცემულოდ გადაერქვას სახელი სტადიონისკენ მიმავალ მთავარ ქუჩას, სტადიონის წინ მდებარე მოედანს ან თავად არენას“, _ თქვა სგამბატიმ.
ასევე ამ თემაზე საკუთარი აზრი გამოთქვა „ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა: „ჩვენ შეიძლება დავილაპარაკოთ სტადიონისთვის მისი სახელის მინიჭებაზე“.
აღვნიშნავთ, რომ მე-10 ნომერი, რომლითაც მარადონა „ნაპოლიში“ თამაშობდა, კლუბმა 2000 წელს სამუდამოდ ამოიღო ხმარებიდან.