ონის მუნიციპალიტეტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში 11 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
უწყებაში განმარტავენ, რომ ძებნა-შველის სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 400 მეხანძრე- მაშველი, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ასევე, სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი.
სამაშველო ოპერაციას ადგილზე ხელმძღვანელობენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები: იოსებ ჭელიძე, გიორგი ბუთხუზი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი – თემურ მღებრიშვილი.
დღეს დილიდან სასაზღვრო პოლიციის ორმა ვერტმფრენმა განაახლა მუშაობა, რომლის საშუალებითაც სტიქიის ზონაში ჩარჩენილი მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადმოყვანა მოხერხდა.