მაიკ ტაისონი
მძიმე წონაში მსოფლიოს ექსჩემპიონი, მოკრივე მაიკ ტაისონი, გარდა სკანდალური ისტორიებისა, ნარკოტიკებთან კავშირშიც იყო შემჩნეული. ამბობენ, რომ „რკინის მაიკი“, დიდი ხნის განმავლობაში მოიხმარდა სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ საშუალებას. უკანასკნელად, ტაისონის სახელმა ნარკოტიკებთან მიმართებაში 2006 წელს გაიჟღერა, როდესაც სკანდალური სპორტსმენი ქალაქ სკოტსდეილში (არიზონა) ავტომობილს კოკაინის, მარიხუანის, ალკოჰოლისა და დეპრესანტების ზემოქმედების ქვეშ მართავდა. პოლიციელებს დღემდე ვერ გაუციათ პასუხი კითხვაზე, თუ როგორ შეძლო ტაისონმა ავტომობილის მართვა, რადგან, ასეთი ნარკოტიკული „კოქტეილის” მიღების შემდეგ, ადამიანს არათუ ფეხზე დოგმა, ჯდომაც კი უჭირს. ამ შემთხვევის მერე ტაისონმა სარეაბილიტაციო ცენტრს მიაკითხა და მკურნალობის კურსი ჩაიტარა. მას შემდეგ მაიკ ტაისონი არათუ ნარკოტიკებს, ალკოჰოლსაც კი აღარ ეკარება.
ანდრე აგასი
ოლიმპიურმა ჩემპიონმა, „დიდი სლემის” ტურნირის რვაგზის გამარჯვებულმა, ლეგენდარულმა ამერიკელმა ჩოგბურთელმა, მეტამფინამინის მიღების საჯარო აღიარება თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში გააკეთა. სპორტსმენის თქმით, ნარკოტიკის შემცველი პრეპატარების მიღება მან 1997 წელს დაიწყო, როდესაც სპორტულ კარიერაში ცუდად წაუვიდა საქმე. იმ წელს აგასი მსოფლიო რეიტინგში 122-ე პოზიციამდე დაეცა და ვერც ერთ ტურნირში არათუ გამარჯვება, ფინალში გასვლაც კი ვერ მოახერხა.
მარტინა ჰინგისი
მარტინა მდედრობითი სქესის ერთადერთი წარმომადგენელია, რომელიც ნარკომანი სპორტსმენების რეიტინგში მოხვდა. მსოფლიოს ექსპირველ ჩოგანსა და „დიდი სლემის” ტურნირების ხუთგზის გამარჯვებულ ვარსკვლავს 2007 წელს სისხლში კოკაინი აღმოაჩნდა. ინტერვიუებში მარტინა აცხადებდა, რომ უდანაშაულოა და არ იცის, რა გზით მოხვდა კოკაინი მის სისხლში. სკანდალი საკმაოდ გახმაურდა, 27 წლის სპორტსმენმა ვერ გაუძლო ზეწოლას საზოგადოების მხრიდან და დიდი ჩოგბურთიდან წავიდა.
მაიკლ ფელპსი
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და პეკინის ოლიმპიადის ტრიუმფატორმა, ამერიკელმა მოცურავემ, მაიკლ ფელპსმა, მსოფლიო შოკში ჩააგდო, როდესაც ბრიტანულმა ტაბლოიდმა „ნიუს ოფ ზი უორლდმა” თავის ფურცლებზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ფელპსი იყო გამოსახული მარიხუანის მოწევის პროცესში. ფელპსმა საჯაროდ აღიარა, რომ მსუბუქ ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარდა.
ლებრონ ჯეიმსი
„მსუბუქი” ნარკოტიკის მოხმარებაში საჯარო აღიარება NBA-ს ვარსკვლავმა და „მაიამი ჰითის” ლიდერმა ლებრონ ჯეიმსაც გააკეთა. თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში კალათბურთელმა აღიარა, რომ ბავშვობაში მარიხუანის აქტიური მომხმარებელი იყო. სხვათა შორის, მარიხუანის თემა „ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში“ ტაბუირებული იყო, სანამ გავლენიანმა „ნიუ-იორკ პოსტმა” ვრცელი სტატია არ მიუძღვნა ამ თემას, რომელიც NBA-ს კალათბურთელთა 70 პროცენტი მარიხუანის მოხმარებაში ამხილა.
პოლ გასკოინი
პოლ გასკოინი, ანუ, უბრალოდ – გაზა, ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ფეხბურთელია, რომელმაც კარიერის ბოლო წლები ალკოჰოლიზმისა და ნარკოტიკული საშუალებების მიღებაში გაატარა. მავნე ჩვევების გამო, გაზა არაერთხელ მოხვედრილა სარეაბილიტაციო კლინიკებში, თუმცა, სკანდალური იმიჯის მქონე ექსვარსკვლავი დღემდე ვერ ახერხებს ნარკოტიკული და ალკოჰოლური პრობლემების დაძლევას.
ავტორი