საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე დამსწრეებს სიტყვით მიმართა.
“ჩვენ ძალიან რთულ ვითარებაში ვართ, იმიტომ, რომ მიმდინარეობს ბევრი თვალსაზრისით რთული გეოპოლიტიკური დაპირისპირება და რაც მთავარია, პროპაგანდისტული დაპირისპირება ალიანსთან და იმ ღირებულებებთან, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აერთიანებს. რატომ უნდათ ქართველებს ასე ძალიან ნატოში გაერთიანება და რითი არიან ისინი ამ გზაზე ასე წარმატებულები? პირველ რიგში იმდენად, რამდენადაც ჩვენ ვერთიანდებით იმ ღირებულებებით, რა ღირებულებებითაც გაერთიანებული არიან ნატოს ქვეყნები – ადამიანის თავისუფლება, დემოკრატია. ამასთან ერთად, ნატო ყველაზე წარმატებული სამხედრო ალიანსია. ნატომ შეძლო და ყველაზე დიდი დაპირისპირება კაცობრიობის ისტორიაში, ცივი ომი, ბრძოლის და მსხვერპლის გარეშე დაამთავრა. მაგრამ დღეს გასააზრებელია ის რთული გარემო, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით – ახალი ფაზის წინ ცივი ომის ინიცირების მცდელობისა. სწორედ ეს პოლიტიკა იქნა დეკლარირებული რუსეთის მიერ და ეს პოლიტიკა ჩვენთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია. ჩვენ მივესალემებით იმ პოლიტიკას, რომელიც არსებობს ნატოში ამ პოლიტიკის საპირწონედ. ის წარმატებული გზა, რომელიც ჩვენ გვაქვს ამ ალიანსში წევრობისთვის, გვინდა, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს თავდადება და მტკიცე არჩევანი, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ, იქნება შესაბამისად ასახული,”– განაცხადა მარგველაშვილმა.
დღეს თბილისში ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი იმართება.