“ქართული ოცნების” პარტიული სიის პირველი ათეული ოზურგეთში უკვე დაკომპლექტებულია: სიის პირველი ნომერი დავით დარჩიაა, მეორე ნომერი _ გიორგი ღურჯუმელიძე; მესამე _ მარიკა ჩხიკვიშვილი; მეოთხე _ ლავრენტი ბიგვავა; მეხუთე _ ქეთი ვასაძე; მეექვსე _ ბახვა დოლიძე; მეშვიდე _ ხათუნა ცერცვაძე; მერვე _ გენო ჩავლეიშვილი; მეცხრე _ ვასილ ჩიგოგიძე. პარტიულ ათეულს გიორგი ჭკუასელი ასრულებს.
როგორც პარტიაში ამბობენ, აქცენტი ახალ სახეებზე და ახალგაზრდებზე გააკეთეს. ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, როგორ შეირჩა ე. წ. “ახალი სახეები” და რა დამსახურებით მოხვდნენ ისინი მმართველი პარტიის ათეულში.
ამ კითხვაზე ორი დღის განმავლობაში პასუხის მიღებას უშედეგოდ ვცდილობდით _ მერობის კანდიდატმა ბეგლარ სიორიძემ და პარტიის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ დავით დარჩიამ, რომლებიც სიის ფორმირებაში აქტიურად იყვნენ ჩართულები, ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.
ამის შემდეგ, წერილობით მივმართეთ “ქართული ოცნების” ოზურგეთის საარჩევნო შტაბს და ვითხოვეთ, დაეკონკრეტებინათ “ვინ შეარჩია პარტიული სია; ვინ ლობირებს თითოეულ მათგანს; როგორ მოხდა დაკომპლექტება რიგითობის მიხედვით; ვინ არიან ახალი სახეები”
პარტიისთვის გაგზავნილ შეკითხვაში გამოკვეთილი გვქონდა ოზურგეთელებისთვის ერთ-ერთი აქტუალური კითხვა _ როგორ მოხვდა ათეულში ხათუნა ცერცვაძე, რომელიც წყლების განმავლობაში მეუფე იოსების პრესსამსახური, “ნაციონალური მოძრაობის” აქტიური მხარდამჭერი და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრთან, რამაზ ნიკოლაიშვილთან დაახლოებული პირი იყო.
ჩაშლილ და დაკონკრეტებულ კითხვაში მოყვანილი გვქონდა 2012 წლის 19 აგვისტოს ბახმაროში განვითარებული მოვლენები _ დღე, როცა მიხეილ სააკაშვილის და რამაზ ნიკოლაიშვილის საპატივცემულოდ, კურორტზე “ქართული ოცნების” მხარდამჭერები არ შეუშვეს, ხათუნა ცერცვაძე “ნაციონალების” გვერდით იდგა და მეგობრებს ამავე პარტიის მაისურების დარიგებაში ეხმარებოდა.
“ქართულ ოცნებას” ისიც შევახსენეთ, რომ სწორედ ხათუნა ცერცვაძის სახელს უკავშირდება 2012 წელს, შემოქმედის ეპარქიაში, მეუფე იოსებთან “ნაციონალური მოძრაობის” მაღალჩინოსნების საიდუმლო თათბირები.
ამ კითხვებზე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პასუხი ორი დღის დაგვიანებით მივიღეთ. “ქართული ოცნებიდან” გვწერენ, რომ “პროპორციული სია პარტიის პოლიტსაბჭომ დაამტკიცა. შესაბამისად, რიგითი ნომრებიც პოლიტსაბჭომ კონსულტაციების შემდეგ განსაზღვრა. პარტიის გადაწყვეტილებით, პროპორციული სია უმეტესწილად ახალი სახეებით დაკომპლექტდა. ძირითადი აქცენტები ახალგაზრდებზე გაკეთდა. პარტიამ საკრებულოს პარტიული სიის შერჩევისას ძირითადი ორიენტაცია პროფესიონალიზმზე, მათ ახლებურ ხედვებსა და მიდგომებზე გააკეთა. პარტია “ქართული ოცნება” მიიჩნევს, რომ წარმომადგენლობითი ორგანო ამ შემადგენლობით მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმუშავებს”.
ცერცვაძესთან დაკავშირებულ კითხვებზე “ქართულმა ოცნებამ” დუმილი არჩია; კომენტარზე უარი გვითხრა თავად ცერცვაძემაც, მისი თქმით, “ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო”, რომლის კომენტარს, თუკი ის ამ კომენტარის გაკეთებას მოისურვებს, მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
რაც შეეხება სხვა ე. წ. სახეებს, რომლებზეც “ქართული ოცნება” ცერცვაძის მსგავსად დუმილს ამჯობინებს _ მარიკა ჩხიკვიშვილი რამდენიმე წლის განმავლობაში საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობდა, ასევე, ქალაქის მერიაში იკავებდა წამყვანი სპეციალისტის თანამდებობას; გენო ჩავლეშვილი _ ა(ა)ი.პ. ოზურგეთის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის მოადგილეა, ქეთი ვასაძე კი “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთას ხელმძღვანელობს და როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, სწორედ ამ კვოტით მოხვდა სიაში მეხუთე ნორმად, რადგან მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, ახალგაზრდული ორგანიზაციების თავმჯდომარეები მთელი საქართველოს მასშტაბით მეხუთე ნომრად ჩასვეს.