შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, 1990 წელს დაბადებული შ.ი. ძალადობის ბრალდებით დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაცია “გურია ნიუსს” შსს-ს პრესსამსახურიდან მოაწოდეს.
უწყების ცნობით, დანაშაული ჯარიმას ან ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მოქალაქე ა.კ.-ს მიმდინარე წლის 17 იანვარს დაუკავშირდა თავისი მეზობელი – ი.რ. და შეხვედრა სთხოვა. იგი ი.რ.-სა და მის ნაცნობს – შ.ი.-ს 18 იანვარს, თბილისში, სულხან ცინცაძის ქუჩაზე, სკვერში შეხვდა. ი.რ.-მ გარკვეული თანხა სთხოვა ა.კ.-ს, რაზეც მან უარი უთხრა.
ასევე, დადგინდა, რომ ი.რ.-მ, სასურველი თანხის მიღების მიზნით, ა.კ.-ს მობილური ტელეფონის ლომბარდში ჩაბარება სთხოვა, რაზეც კვლავ უარი მიიღო. ამის შემდეგაც მათ საუბარში ჩაერთო შ.ი., რომელმაც ა.კ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიება ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლით“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ალექსანდრე კვახაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას თავს დაესხნენ.
მისივე თქმით, თავდამსხმელები კონკრეტულ თანხას ითხოვდნენ და უარის მიღების შემდეგ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. კვახაძემ აღნიშნა, რომ ფიზიკური დაზიანებები მას საკუთარ სახლთან მიაყენეს.