რეჟისორი ნანა ჯანელიძე იხსენებდა: “ნატვრის ხეს” ვიღებდით. უცებ, ბატონმა თენგიზმა დაიძახა, “მზად არის”.
დასტაცეს ასისტენტმა ბიჭებმა ხელი სესილია თაყაიშვილს და ჩასვეს ტალახში. ამაზე ირგვლივ სიცილ – ხარხარი ატყდა. თენგიზმა ისევ დაიძახა: “მატორ!“ სესილია ნამდვილი მსახიობი იყო. უცებ მონუსხა ყველა.
იჯდა სესილია ტალახში, დასვრილ ხელებს ასავსავებდა, თითოეულ მათგანს თვალებში უყურებდა… მის თვალებში იკითხებოდა, აი, შენ ხარ დამნაშავე, შენც… უცებ თითქოს გაიყინა ყველა, სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. იმდენად გასაოცრად, დამაჯერებლად გაითამაშა ეს სცენა, ერთი დუბლის მეტი არ დაგვჭირვებია.
რადგან ხელები დიდხანს ჰქონდა ტალახში, სცენის გადაღების შემდეგ საშინელი ალერგია დაეწყო. სთხოვდნენ ხელთათმანების ჩაცმას, მაგრამ არ გაუკეთებია, სამაგიეროდ, მის ხელებს ერთ წელიწადს მკურნალობდნენ, ინფექცია ჰქონდა შეჭრილი”.