,,რუსეთმა ტკივილი უნდა იგრძნოს და ეს ტკივილი მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ვლადიმერ პუტინმაც უნდა იგრძნოს.“ – ამის შესახებ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ განაცხადა.
მისი თქმით, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, აშშ-ის კონგრესი მზად არის, ხისტი სანქციები დაუწესოს როგორც რუსეთს, ასევე ვლადიმერ პუტინს.
მან, ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერი ახალი შეზღუდვა მხოლოდ თავდასხმის შემთხვევაში უნდა დაწესდეს და არა თავდასხმამდე.
„სანქციები ბევრად უფრო ძლიერი უნდა იყოს, რადგან ქვეყანაში შეჭრაზე ვსაუბრობთ. ჩვენ ვსაუბრობთ ნატოს ქვეყნებზე, რომლებიც რისკის ქვეშ არიან, თუ რუსები უკრაინაში წარმატებას მიაღწევენ. ასე რომ, ეს ძალიან სერიოზული საკითხია. რუსეთმა ტკივილი უნდა იგრძნოს და ეს ტკივილი მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ვლადიმერ პუტინმაც უნდა იგრძნოს. არავინ იცის, რას აპირებს. ამიტომაც ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ.
სანქციები საკმარისად ძლიერი უნდა იყოს. თუმცა, სანქციები იმ შემთხვევაში უნდა დაწესდეს, თუ რუსეთი შეიჭრება. დიპლომატიური შეკავება არის ის, რისი მიღწევაც გვინდა, მაგრამ იმისთვის, რომ კარგი მშვიდობისმყოფელი იყოთ, ასევე უნდა აჩვენოთ, რომ კარგი მებრძოლი ხართ“, – განაცხადა ნენსი პელოსიმ.