ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ნასაკირალში ციტრუსის ნერგების მოპარვის ფაქტზე ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ბესო ქათამაძე ავრცელებს.
“გურია ნიუსთან” საუბრის დროს ბესო ქათამაძე ამბობს, რომ სოფლის მკვიდრებს ნერგები სამეგრელოს რეგიონიდან მოაქვთ.
“ბოლო დროს 3-4 ფაქტი დაფიქსირდა. ადგილობრივი ფერმერები ცდილობენ ციტრუსის განვითარებას და ვიღაცა ან ვიღაცეები ხელს უშლიან. ძალიან სამარცხვინო ფაქტს აქვს ადგილი და საქმეს იძიებს ადგილობრივი პოლიცია. დღისით, მზისით რგავს ფერმერი ნერგს და მეორე დღეს კი გადათხრილი ხვდებათ ყველაფერი. სანამდე უნდა გაგრძელდეს მსგავსი ფაქტები?!” _ კითხულობს ბესო ქათამაძე.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის დაბა ნასაკირალში ოთარ ადაძის თქმით, ნერგების მოპარვის შესახებ ინფორმაციას ფლობს:
“ჩემთვის ცნობილია მხოლოდ ერთი ფაქტი და სხვა შემთხვევის შესახებ არაფერი ვიცი. აღნიშნული საქმით სამართალდამცავები არიან დაინტერესებულები და დაველოდოთ გამოძიების დასრულებას”, _ თქვა ოთარ ადაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, პოლიციაში შესულია შეტყობინება 2 ფაქტთან დაკავშირებით. ორივეზე აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 5-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პირველ ფაქტს, რაც შეეხება უკვე მხილებულია ერთი პირი, ხოლო მეორე ფაქტზე მიმდინარეობს აქტიური გამოძიება.