ერთხელ ნასვამი ნიაზ დიასამიძე მისულა ბიბლიოთეკაში და უთხოვია წინა დღის გაზეთ „თბილისის“ ყველა ეგზემპლარი მომიტანეთო.
გადარეულან, რად გინდათ მთელი შეკვრა გაზეთიო. მოკლედ, ვერ გამოუტეხავთ, ჯიუტად ითხოვდა ნიაზი გაზეთებს. თან დამუქრებია, თუ არ გამომიტანთ, აქ რომ პროფესორები სხედან და თავები აქვთ ჩაყოფილი წიგნებში, ისეთ ამბებს ავუტეხავ, სულ დაგიფრთხობთო.
რაღას იზამდნენ, გამოუტანეს დასტა გაზეთები. ნიაზმა აიღო, დაჯდა, დაიწყო წინ „თბილისის“ გამოცემები, აიღებდა ერთს, დახევდა და თან დედის გინებას მიაყოლებდა. ასე დაკუწა მთელი წინა დღის გამოცემა. ბოლოს მიუტრიალდა ბიბლიოთეკარს და უთხრა: ბოდიში ქალბატონო, აღელვებული ვიყავი და თქვენს მკითხველებსაც ბოდიშს ვუხდიო.
უკითხავთ, რა ეწერა შიგ ასეთი, რომ გაცოფდიო. ნიაზსაც უპასუხია: რა ეწერა და ჩემს მეუღლესთან განქორწინების განცხადება იყო გამოქვეყნებული, ახლა დავდივარ ასე ბიბლიოთეკიდან ბიბლიოთეკაში და ვანადგურებ ამ გაზეთს, რომ შთამომავლობას არ დავუტოვო ეს ინფორმაციაო.
მაშინ, ასეთი წესი იყო, განქორწინების შემთხვევაში განცხადება გაზეთ „თბილისში“ უნდა გამოქვეყნებულიყო. ნიაზმა კი თავის მეუღლესთან განშორება ასეთი პროტესტით გამოხატა და გულისტკივილიც თან დააყოლა.
ავტორი