„პირველად ისტორიაში კოალიციური გუნდი იმარჯვებს თბილისში და არამხოლოდ თბილისში“, – ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ვაზისუბნის 71-ე საარჩევნო უბანთან ისაუბრა, სადაც ხმაური და დაპირისპირება იყო, ადგილზე საარჩევნო ბიულეტენის ჩაყრის ფაქტი დაფიქსირდა.
მომხდარის დამადასტურებელი ვიდეო “ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებელმა, გიორგი ონიანმა გადაიღო, რის გამოც ის უბნიდან გამოაძევეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც
ნიკა მელიას თქმით, ოპოზიციის დამკვირვებლები უბნიდან მას შემდეგ გააძევეს, რაც მათ ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტი დააფიქსირეს.
,,ძალიან რბილად ჟღერს, დარღვევაა განა ის, როცა უამრავი ოპოზიციონერი დამკვირვებლის და კომისიის წევრის თანდასწრებით ფიზიკური ძალადობით დაახლოებით 10 ბიულეტენი უცხო მამაკაცმა ყუთში ჩატენა, იყო ფიზიკური დაპირისპირება და ამის შემდეგ ეს ადამიანი მიიმალა.
აგებენ ამ არჩევნებს, ყველა მსხვილი ქალაქი აქვთ წაგებული. ბატონი კობახიძის გაცეცხლებული ბრიფინგის შემდეგ, როცა მან აღიარა, რომ აგებენ მუნიციპალიტეტებს, დაახლოებით 40 წუთში მიიღეს ბრძანება მათმა აქტივმა და სადაც შეუძლიათ ჩადიან მსგავს ქმედებებს. ეს კონკრეტული უბანი როცა დაიხურება, ხო ყველა დავინახავთ, რომ იქნება დისბალანსი და გასაუქმებელი იქნება.
ძვირფასო თბილისელებო, თითოეული ხმა არის მნიშვნელოვანი. არცერთი ოპოზიციონერი ამომრჩეველი რომ აღარ მივიდეს, ამ არჩევნებს კალაძე მაინც წააგებს, მაგრამ ვიბრძვით თითოეული ხმის დასაცავად, საჭირო კიდევ უფრო მეტი აქტიურობა. ხალხო, ეს არის ისტორიული დღეს, დღეს ჩვენ ვწერთ ისტორიას, დღეს ჩვენ ვიგებთ თბილისს, პირველად ისტორიაში, კოალიციური გუნდი იმარჯვებს თბილისში და არამხოლოდ თბილისში”, – განაცხადა ნიკა მელიამ.