„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას სახლში პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები იმყოფებიან.
პოლიტიკოსს ელექტრონულ სამაჯურს გაუკეთებენ, რითაც მასზე ელექტრონული მონიტორინგი განხორციელდება.
პროცედურას ნიკა მელიას ადვოკატიც ესწრება.აღნიშნულის შესახებ პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომ ნიკანორ მელიას მიმართ ელექტრონული მონიტორინგის განხორციელება დაიწყო.
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ შესასრულებლად მიიღო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 2 ივლისის განჩინება ნიკანორ მელიას მიმართ ელექტრონული მონიტორინგის საშუალებით, ზედამხედველობის განხორციელებასთან დაკავშირებით.
განჩინების შესრულება პრობაციას ეთხოვა 3 ივლისს, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ.
სააგენტოს ელექტრონული მონიტორინგის სამმართველოს უფლებამოსილმა თანამშრომლებმა 3 ივლისს ნიკანორ მელიას ელექტრონული მონიტორინგის გამოყენების ფორმა და წესები გააცნეს და დადგენილი წესით სამაჯური დაუმაგრეს.
ელექტრონული ზედამხედველობის საშუალება შედგება გადამცემის-ელექტრონული სამაჯურისა და მიმღებისაგან. სამაჯურის მოხსნა დაზიანების გარეშე შეუძლებელია, ის მიაწვდის მიმღებს ინფორმაციას, რომლის მიმართაც ელექტრონული ზედამხედველობა ხორციელდება.
ნიკანორ მელიას ინდივიდუალურად დადგენილი პერიმეტრიდან გასვლის შემთხვევაში, მიმღები სამაჯურიდან მიიღებს შესაბამის სიგნალს.
სააგენტო რეგულარულად მიაწვდის პროკურატურას ელექტრონული მონიტორინგის აპარატურის მიერ ავტომატურად გენერირებულ ინფორმაციას, რის საფუძველზეც პროკურატურა შეძლებს, გააკონტროლოს რამდენად ემორჩილება ზედამხედველობის ქვეშ მყოფი პირი სასამართლოს მიერ დაწესებულ შეზღუდვებს“, _ წერია განცხადებაში.