Billboard Women in Music-ის დაჯილდოების ფარგლებში, პირველად ქართველი ქალი მუსიკოსი, ნინი ნუცუბიძე Global Force-ის ნომინაციის სიაში მოხვდა.
„ნინი ნუცუბიძემ 2024 წელს ორი ახალი სინგლი და ერთი EP გამოუშვა, მისი მუსიკა ქართულ კულტურას ექპერიმენტულ ელექტრონულ ჟღერადობასთან აზავებს“ – ასე აღწერს Billboard-ის ვებ-გვერდზე განთავსებული სტატია მუსიკოსის შემოქმედებას.
Billboard Women In Music ყოველწლიური მუსიკალური დაჯილდოებაა, რომელიც 2007 წლიდან იმართება. ღონისძიების პროცესში, იმ ქალ მუსიკოსთა აღიარება ხდება, რომლებიც მუსიკალური ბიზნესისა და ხელოვნების დიდი კონტრიბუტორები და ამავდროულად მომავალი თაობებისთვის შთამაგონებლები არიან .
ყველაზე მეტჯერ, აღნიშნული ჯილდო ტეილორ სვიფტს აქვს მიღებული (ორჯერ წლის ქალი მუსიკოსის ტიტული და ერთხელაც დეკადის ქალი მუსიკოსის სტატუსი). დაჯილდოების ფარგლებში, სხვადასხვა ნომინაციაში ხდება გამარჯვებულების გამოვლენა, მათ შორის მომავალი ვარსკვლავის, ქალთა ჯგუფების, გავლენის მქონე და ლეგენდარული ქალი მუსიკოსების აღიარებით. სხვადასხვა დროს აღიარებულები იყვნენ: მადონა, ლეიდი გაგა, ოლივია როდრიგო, ბიონსე და სხვა.
წელს დაჯილდოვებას პირველად Global Force-ის ნომინაცია დაემატა, რომლის ფარგლებშიც იმ ქვეყნების ქალი მუსიკოსების წარმოჩენა ხდება, სადაც Billboard ოფიციალურად მაუწყებლობს. Billboard Georgia-ს ეგიდით, საქართველოდან აღნიშნულ ნომინაციაში ნინი ნუცუბიძე იყო წარდგენილი.
marketer.ge