ეროვნული ბიბლიოთეკის V კორპუსში (ცინცაძის ქ. 63), ნოდარ დუმბაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდის მონაწილეობით, ნოდარ დუმბაძის სახელობის დარბაზის გახსნას მწერლის შემოქმედების უამრავი თაყვანისმცემელი ესწრებოდა. მათ შორის იყო ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი.
„მოგეხსენებათ, რომ ბატონი ნოდარი ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზენობანში, ბებია-ბაბუასთან გაიზარდა. ნოდარ დუმბაძის შემოქმედების მხურვალე მოტრფიალე ვარ და არა მხოლოდ იმიტომ, რომ გურული ვარ. დიდი სიბრძნე მარტივად და გურულად _ ეს არის ნოდარ დუმბაძე. მისი ციტატები არასდროს დაძველდება და მისი ხალასი იუმორი ყოველთვის აქტუალური იქნება. მოხარული ვიქნები, თუკი ნოდარ დუმბაძე თავისი ნაწარმოებებითა და სიბრძნით გაცილებით მეტ ადგილას იქნება“, _ აღნიშნა ნინო წილოსანმა.
სამკითხველო დარბაზში წარმოდგენილია მწერლის გამოცემები სხვადასხვა ენაზე, ასევე მისი ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტომასალა და ხელნაწერები, რომლებიც დღემდე მისი შვილის, ქეთევან დუმბაძის არქივში ინახებოდა. ეს სივრცე უმასპინძლებს წიგნის პრეზენტაციებს, მწერლებთან და მკითხველებთან შეხვედრებს, საბავშვო ღონისძიებებს. (R)