რამდენიმე დღის წინ ინგლისურმა „ნიუკასლმა“, იტალიურ „ნაპოლის“ ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ 90 მილიონი ევრო შესთავაზა. „ნიუკასლი“ ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობისათვის ემზადება და შემადგენლობას მნიშვნელოვნად აძლიერებს. რამდენიმე წლის წინ კლუბი არაბმა შეიხებმა იყიდეს და მომავლის უმთავრეს გეგმად, ინგლისში, „მანჩესტერ სიტისა“ და სხვა წამყვანი გუნდების ჰეგემონიის დასრულება სურს.
პირველი შეთავაზების შემდეგ, „ნაპოლის“ პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს კომენტარი არ გაუკეთებია.
გუშინ, გამოცემამ „Football365“ ახალი ინფორმაცია გაავრცელა. აღმოჩნდა რომ „ნიუკასლი“ დანებებას არ აპირებს და მისი მეორე წინადადება უკვე 100 მილიონი ევრო იქნება. ამჯერად, „ნაპოლის“ მფლობელს უკვე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. ბრიტანული მედია იმასაც აღნიშნავს, რომ იტალიურ გუნდს ხვიჩას გაჩერება, ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტით სურს, სამმაგად გაზრდილი ხელფასით, თუმცა ეს მაინც შესამჩნევად ნაკლებია, ვიდრე ის ხელფასი, რაც კვარაცხელიას „ნიუკასლის“ რიგებში ელის.
„ნიუკასლ იუნაიტედმა“ ედი ჰაუს მეთაურობით პრემიერლიგა მე-4 პოზიციაზე დაასრულა და გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.
საინტერესოა, რომ თავის დროზე „ნიუკასლ იუნატედში“ თემურ ქეცბაიას (1997-2000) და ზურაბ ხიზანიშვილს (2009) უთამაშიათ.
გიორგი კვერნაძის იტალიური კარიერა კი „მონდრაგონესთან“ ამხანაგური შეხვედრით დაიწყო, რომელშიც 20 წლის ქართველმა ფეხბურთელმა გოლი გაიტანა, მისმა „ფროზინონემ“ კი მეტოქეს 7:0 მოუგო.
სამწუხაროდ, „ფროზინონეს“ მთავარ მწვრთნელს, დი ფრანჩესკოს 72-ე წუთზე ქართველის შეცვლა მოუწია – კვერნაძეს 62-ე წუთზე ფეხში ჩაარტყეს, მაგრამ ექიმების დახმარების შემდეგ თამაში გააგრძელა. მიუხედავად ამისა, ის 10 წუთში მაინც გაიყვანეს.
ამ ფაქტს იტალიური გამოცემა „Calciofrosinone“ გამოეხმაურა:
„ფროზინონეს“ მიერ ახლად გაფორმებული გიორგი კვერნაძე „მონდრაგონესთან“ ამხანაგურ შეხვედრაში გამოირჩა. ქართველი მის ცვლილებამდე, რომელიც სიფრთხილის მიაზნით იყო გამოწვეული, გოლის ავტორი გახდა და რამდენიმე საინტერესო მომენტიც შემოგვთავაზა. ცნობილია, რომ ქართველი შემტევი მეორე ტაიმში მცირე დაზიანების გამო შეცვალეს. მისი მდგომარეობა ამ კვირაში უნდა შეფასდეს“.
იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ნაპოლიმ“ მსოფლიოს ჩემპიონ, არგენტინელ ჯოვანი ლო სელსოს თაობაზე მოლაპარაკებები „ტოტენჰემ ჰოტსპურთან“ დაიწყო, საუბარია ასევე ნეაპოლური გუნდის შემტევი ნახევარმცველის ირვინგ ლოსანოს აშშ-შიგადაბარგებაზე. მექსიკელს „ლოს ანჯელესი“ ეპატიჟება.
„Corriere dello Sport“-ის მტკიცებით, „ნაპოლის“ არგენტინელი ფეხბურთელის ლონდონური კლუბიდან შეძენა სურს, რომელიც ცოტა ხნის წინ „ვილიარეალიდან“ 18-თვიანი იჯარის შემდეგ დაბრუნდა. ესპანურ კლუბში მან 51 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.
იგივე „Corriere dello Sport“-ის ინფორმაციით, „ნაპოლის“ ნახევარმცველი პიოტრ ზელინსკი კარიერას რომის „ლაციოში“ გააგრძელებს.
რამდენიმე დღის წინ, პოლონელმა ფეხბურთელმა „ალ ჰილალის“ მიერ შემოთავაზებულ ხელშეკრულებაზე უარი განაცხადა. არაბული კლუბი 29 წლის მოთამაშეს 3-წლიან კონტრაქტს, ანაზღაურების სახით კი წელიწადში 15 მილიონ ევროს სთავაზობდა.
ამავე დროს, ზელინსკიმ „ნაპოლიში“ დარჩენაზეც უარი განაცხადა, რადგან აურელიო დე ლაურენტისი მას ხელფასის შემცირებას სთხოვდა.
პოლონელისათვის გადამწყვეტი „ლაციოს“ მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარისთან სატელეფონო ზარი აღმოჩნდა. „ნაპოლის“ ყოფილმა დამრიგებელმა ზელინსკის რომაული კლუბის სამომავლო გეგმები გააცნო.
ჯერჯერობით უცნობია, როდის გაოფიციალურდება ტრანსფერი. გარიგების სავარაუდო თანხად 30 მილიონი ევრო სახელდება.
ავტორი