10 დეკემბერი უმნიშვნელოვანესი თარიღია შვედეთის საზოგადოებრივსა და ინტელექტუალურ ცხოვრებაში – ეს არის „ნობელის დღე“. ყოველ წელიწადს ამ დღეს ნობელის პრემიას გადასცემენ ლაურეატებს სტოკჰოლმის შტუდჰუსეტში (ქალაქის რატუშაში).
ეს პრემიები არის დამსახურებულ ადამიანთა საერთაშორისო აღიარება, როგორც მათი ყველაზე საპატიო ჯილდო. ნობელის ლაურეატებს პრემიებს გადასცემს შვედეთის მეფე.
10 დეკემბრის თარიღის დაწესება დაკავშირებულია ალფრედ ნობელის გარდაცვალების თარიღთან (1896 წლის 10 დეკემბერი). ალფრედ ნობელმა – შვედმა გამომგონებელმა და ფაბრიკანტმა 1895 წელს დატოვა ანდერძი, შექმნილიყო ფონდი, რომლის პროცენტები პრემიების სახით გადაეცათ მათთვის, ვინც წლის განმავლობაში ყველაზე მეტ სიკეთესა და სარგებლობას მოუტანდა კაცობრიობას. პროცენტები ხუთ თანაბარ ნაწილად უნდა გაყოფილიყო – მიღწევებისათვის ფიზიკის, ქიმიის, ფიზიოლოგიისა და მედიცინის, ლიტერატურის და მშვიდობისათვის ბრძოლის დარგში. 1968 წელს, შვედური ბანკის ინიციატივით, ამ დარგებს დაემატა კიდევ პრემია ეკონომიკის დარგში.
თითოეული ლაურეატი იღებს ოქროს მედალს ნობელის გამოსახულებით და დიპლომს. ფულადი პრემიის რაოდენობა ყოველწლიურად იცვლება. წელს იგი შეადგენს 1,1 მილიონ დოლარს.