საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას ვაჟი, რეჯებ ჟორდანია გარდაიცვალა, _ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ქრისტინე ფაღავა-ბულეზი ავრცელებს.
“რეჯებ ჟორდანია, ნოე ჟორდანიას ვაჟი გარდაიცვალა. 100 წლის გახდებოდა დეკემბერში (10 დეკემბერი 1921-15 ივლისი 2021).
მამა, ბიძა, ბაბუა, პარტნიორი, მუსიკოსი, მეზღვაური, მასწავლებელი, მწერალი, კატის მოყვარული, მოგზაურობის მოყვარული… მამამისის და დამოუკიდებელ საქართველოს ისტორიის ერთგული, _ წერს ქრისტინე ფაღავა.
რეჯებ ჟორდანია დაიბადა და გაიზარდა პარიზში. პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტი და იელის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, სხვადასხვა პერიოდში იყო ჰარიმანის ინსტიტუტის მიწვეული მეცნიერი, პროფესიონალი პიანისტი, კომპოზიტორი, მწერალი, საზღვაო ისტორიის პროფესორი, საზღვაო მუზეუმის დირექტორი, უცხოური ენების სახელმძღვანელოების ავტორი და რედაქტორი.
რეჯებ ჟორდანია ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში, განსაკუთრებით დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისის ზეიმში მონაწილეობის მისაღებად.