,,უკრაინაში კონფლიქტი შეიძლება იყოს ხანგრძლივი და ქვეყანა საერთაშორისო მხარდაჭერაზეა დამოკიდებული რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევის საკითხში. ამიტომ, მთავრობამ გადაწყვიტა უკრაინას „მისტრალის“ საჰაერო თავდაცვის სისტემა გადასცეს,“ – ამის შესახებ ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილდ გრამმა განაცხადა
როგორც ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი ამბობს, მისტრალის სისტემა ეფექტიანია და უკრაინისთვის დიდ სარგებელს მოიტანს.
„მისტრალის საჰაერო თავდაცვის სისტემა არის ეფექტური იარაღი, რომელიც გამოიყენეს საზღვაო ძალებში და რომელიც უკრაინას დიდ სარგებელს მოუტანს“ – აცხადებს თავდაცვის მინისტრი.
როგორც უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, მთავრობამ მანამდე მიიღო გადაწყვეტილება, სულ 4000 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა და რამდენიმე სახის დამცავი აღჭურვილობა და სხვა სამხედრო აღჭურვილობა გადასცეს. რამდენიმე სხვა ქვეყანა, ასევე აწვდის იარაღს და სხვა მასალას, მათ შორის შვედეთი, დანია, ფინეთი, ნიდერლანდები, გერმანია და ბალტიისპირეთის ქვეყნები.
მისივე თქმით, უკრაინას ნორვეგიის მხრიდან მისტრალის 100 რაკეტა გადაეცემა. ნორვეგიის შეიარაღებული ძალები ამ სისტემას მცირე ხომალდებზე ამონტაჟებდნენ, თუმცა ახლო მომავალში მათ შეცვლას აპირებდნენ.
“რაკეტებს ნორვეგიის შეიარაღებული ძალები ხმარებიდან ამოიღებს, თუმცა, ის ჯერ კიდევ თანამედროვე და ეფექტიანი იარაღია, რომელიც უკრაინისთვის სარგებლის მომტანი იქნება”, – აღნიშნა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა.
როგორც ნორვეგიის მთავრობა იუწყება, იარაღები ქვეყნიდან უკრაინისთვის უკვე გაგზავნილია.
ცნობისთვის, მისტრელი ფრანგული წარმოების საჰაერო თავდაცვის სისტემაა.