“ნუ მომკლავ”, “ძალა ჩვენშია” “სისტემა უნდა დაინგრეს”, “შემდეგი შეიძლება იყოს შენი შვილი” _ ამ ლოზუნგებით ჩოხატაურში სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები გაერთიანდნენ და აქცია გამართეს.
აქცია, მუნიციპალიტეტის მერიასთან, კრიმანჭულის პარკში დაიწყო, რომელსაც რამდენიმე პედაგოგი შეურთდა.
პირველი საჯარო სკოლის, ხიდისთავის საჯარო სკოლის, ერკეთის საჯარო სკოლის, ნაბეღლავის საჯარო სკოლის და სამრევლო სკოლის მოსწავლეებს გამვლელებიც შეუერთდნენ.
ახალგაზრდებმა ჩოხატაურის ცენტრალურ ქუჩაზე მსვლელობა გამართეს და აქცია პოლიციის შენობასთან, საქართველოს ჰიმნით დაასრულეს:
_ პროკურატურასთან გვინდოდა აქციის გამართვა, მაგრამ ჩოხატაურში პროკურატურაც არ არის. ამიტომ, ჯერ მერიასთან შევიკრიბეთ და აქცია პოლიციასთან დავასრულეთ. ეს არ იყო არცერთი პოლიტიკური პარტიის მიერ მართული აქცია. ჩვენ ვემიჯნებით ყველა პოლიტიკურ ძალას და მათ მოტივებს. ჩვენ შევიკრიბეთ სამართლიანობის მოთხოვნით და სოლიდარობის გამოსაცხადებლად შვილმკვდარი მშობლებისთვის, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თორნიკე სამსონიამ.