მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი ამტკიცებს, რომ დიდი ბრიტანეთისა და ევროპის სხვა სახელმწიფოების მიერ ე.წ. კლანის წევრებად მხილებული მოსამართლეების დასანქცირება უსამართლო და პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, _ იუწყება ტვ პირველი.
როგორც ის საჯაროდ გაკეთებულ კომენტარში ირწმუნება, სტრატეგიულმა პარტნიორებმა გადაწყვეტილების პოლიტიკური სარჩულით მიმღები მოსამართლეები შავ სიაში ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე შეიყვანეს.
ამასთან, დიმიტრი გვრიტიშვილმა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში განაცხადა, რომ მოსამართლეთა ოჯახის წევრების დასანქცირება “ყოველგვარ ზღვარს სცილდება”.
დღეს დიმიტრი გვრიტიშვილს კითხვები მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებმა დაუსვეს. კრიტიკული მედიის წარმომადგენლები არ შეუშვეს იმ სივრცეში, სადაც მოსამართლეების დიდი კონფერენცია მიმდინარეობდა. საჯარო კომენტარიც სწორედ პირველმა არხმა გაავრცელა.
სანქციებთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით ჩვენი პროტესტი და აღვნიშნეთ, რომ ეს სანქციები არის უსამართლო, დაუსაბუთებელი, ევროპულ თუ ამერიკულ სტანდარტში არ ჯდება. ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, რომ ბრალი დასდო მოსამართლეს კორუფციაში, ეს უმძიმესი ბრალდებაა. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, განპირობებული გარკვეული პოლიტიკური დღის წესრიგით.
სამწუხაროდ, ბრიუსელში იქნება ეს, ევროკავშირში თუ სხვაგან, არსებობენ გარკვეული ძალები, რომელთათვისაც ჩვენი ხელისუფლების კურსი შესაძლოა მიუღებელი იყოს, სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება ვიღაცას არ მოსწონდეს, მაგრამ აქედან გამომდინარე, რომ მოსამართლის მიმართ დაწესებულ იქნას სანქციები, თან უფრო ყველანაირ ზღვარს სცილდება მოსამართლეთა ოჯახის დასანქცირება. პერსონალურად მოსამართლეთა მიმართ სანქციებიც მიუღებელია”. – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.
ცნობისთვის, დღეს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეების შეკრება გაიმართა. მოსამართლეების თავყრილობის პარალელურად, აღმაშენებლის ხეივანზე სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები შეიკრიბნენ და მათ პროტესტის ხმა გააგონეს. საბოლოოდ, მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი სკოლის დატოვება საპროტესტო შეძახილებისა და ხმაურის ფონზე მოუწიათ.


































































