ცოტა ხნის წინ, ხელოვნურ თანამგზავრ „MODIS-Aqua“-ს მიერ მოპოვებული მონაცემების ანალიზის შედეგად მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ დედამიწის ოკეანეები ფერს იცვლის. ისინი უფრო მომწვანო ხდება, რაც წყალში ფიტოპლანქტონების ტიპის ორგანიზმების გავრცელებასთანაა დაკავშირებული.
ეს პატარა არსებები ფოტოსინთეზისთვის ქლოროფილს იყენებენ, რომელსაც სწორედ მომწვანო შეფერილობა აქვს. შესაბამისად, რაც უფრო მეტია ოკეანეებში ამგვარი პლანქტონების რაოდენობა, მით უფრო მწვანე ხდება ისინი.
რა იწვევს ფიტოპლანქტონების ასეთ გავრცელებას?
მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი ჩვენს პლანეტაზე მიმდინარე კლიმატის ცვლილებითაა გამოწვეული, რადგან მაღალი ტემპერატურა ამ ორგანიზმებისთვის ხელსაყრელია. ისინი წყლის ეკოსისტემებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ, რადგან მათ გარემომცველ არეალს უჟანგბადოს ხდიან, რასაც წყლის ბევრი ბინადარი ვერ უძლებს.
აქამდე მიიჩნეოდა, რომ ფიტოპლანქტონებთან ასოცირებული ცვლილებებზე სრულყოფილად დასაკვირვებლად 30-წლიანი მონაცემები იყო საჭირო. ამის მიუხედავად, ახალი კვლევების ფარგლებში სპეციალისტებმა 2 ათწლეულის განმავლობაში შეგროვებული ინფორმაცია შეისწავლეს და დასკვნებიც გამოიტანეს.
ამ პროცესებზე დაკვირვების საშუალება მეცნიერებს ოკეანეების მიერ არეკლილმა სინათლემ მისცა, რაც მათ შეფერილობაზე გვაწვდის ინფორმაციას. ეს ფიტოპლანქტონების პოპულაციების რაოდენობის გამოთვლას უფრო ამარტივებს, ვიდრე სხვა მეთოდები.
ავტორების თქმით, სიმწვანე ყველაზე მეტად იმ არეალებში შეიმჩნევა, რომლებიც დედამიწის ეკვატორთანაა ახლოს. აქ მსგავსი ორგანიზმები ყველაზე გავრცელებულია და წყალში ტემპერატურაზე, ასევე, სინათლისა თუ საკვები ნივთიერებების ხელმისაწვდომობაზე ზემოქმედებს.
ავტორი