7 მარტს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა შედგა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული ექვსი საკითხი ერთად წარმოადგინეს და კენჭი სათითაოდ უყარეს.
ერთ-ერთი საკითხი შეეხებოდა ოზურგეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცებას, რითაც დეპუტატებმა ხმა მისცეს სოფლებში ქუჩებისთვის სახელის მინიჭებას _ ლიხაურში, ამიერიდან, ნომერ პირველი ქუჩა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის იქნება; ნატანების მთავარ ქუჩას “შეკვეთილის” სახელი დაერქმევა; გურიანთის ნომერ მეექვსე ქუჩას თამაზ მალაზონიას სახელი მიენიჭა; ლაითურში ერთ-ერთ ქუჩას ჯემალ დუმბაძის, ხოლო ჯუმათის მთავარ ქუჩას “მონასტრის” სახელი ეწოდა.
ხანგრძლივი ხმაური გამოიწვია მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, 2017 წელს გახორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშის მოსმენამ, რომელიც დავით გორდელაძემ გააკეთა. ნაციონალმა დეპუტატმა შალვა თავდიშვილმა კატეგორიულად მოითხოვა მუნიციპალიტეტის მიერ ორი ამწეკალათის შეძენაზე უარის თქმა:
_ რატომ ყიდულობთ ასეთ ამწეკალათებს? არც ერთის სიგრძე სოფლებში არ გამოდგება _ ორივე “მოკუნცხულია”, მანქანას ბორბლები არ აქვს. ვიცნობ მაგათ გამყიდველებს _ ახლა არ მინდა ყველაფრის თქმა. არ ვარგა ეს ამწე კალათები და გაწიეთ იქით. ეს არის არამიზნობრივი ხარჯი _ 82 500 ლარი ერთი ღირს და 50 ათასი _ მეორე, _ თქვა დეპუტატმა.
დავით გორდელაძემ უპასუხა, რომ რომელიც უვარგისი იყო, ის ამწეკალათა დაბრუნდა უკან, თანხის გადახდამდე, მეორე კი საჭიროებს შეკეთებას.
_ რატომ ყიდულობთ მერე შესაკეთებელს? რატომ გინდათ ეს არამიზნობრივი ხარჯი? უვარგის ტექნიკაში რატომ იხდით ფულს? _ არ ცხრებოდა თავდიშვილი.
თავდიშვილის შემდეგ უმიზნო ხარჯებზე მეორე “ნაციონალი” დეპუტატი დავით მჟავანაძე ალაპარაკდა:
_ გასულ წელს სტუმრებისთვის მუნიციპალიტეტმა 21 559 ლარი დახარჯა 105 კაცზე. მაშინ რატომ უთვლით ყოფილ პრეზიდენტს საფლავზე მიტანილი გვირგვინების ფულს? როგორ შეაფასებთ ამას? ათასობით ადამიანია გასული ბოლო წლებში ქვეყნიდან იმისთვის, რომ ოჯახები არჩინონ. 21 ათას ლარს ამდენივე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეეძლო. ამის ნაცვლად სმა-ჭამაზე იხარჯება ამდენი ფული, _ თქვა მჟავანაძემ.
მჟავანაძის გამოსვლას ამჯერად სიცილით შეხვდნენ “ოცნების” დეპუტატები და უთხრეს, რომ ის ნებისმიერი თემით ქულების დაწერას ცდილობს:
“დავით, საზღვარგარეთ სამუშაოდ 2012 წლამდე გავიდა ის ხალხი”, “რომ იძახი, 105 კაცს დაჭირდაო, ეს თანხა ერთჯერადად დახარჯულია? რატომ იტყუები?” “ბოდიში, მასაჟისტი დაგვავიწყდა”, “შენი აზრით, სტუმრისთვის არ უნდა გვემასპინძლა?” “არ გამოგდის, არა”, _ ასეთი პასუხები მიაგებეს მჟავანაძეს.
დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხზე: “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან მსხვილფეხა პირუტყვის, მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოლისას გასატარებელი ღონისძიების შესახებ”, _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მისაღებად, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე” _ ლავრენტი ბიგვავამ და ლაშა თავაძემ ისაუბრეს.
დეპუტატმა ნანული ორაგველიძემ აღნიშნულ საკითხზე გამოთქვა მოსაზრება, რომ ზოგი რამ დაზუსტებულიყო და დადგენილებაში შეეტანათ შესწორება: “ეს ფორმულირება მისაღებია სრულიად მუნიციპალიტეტში, შეესაბამება სოფლებს, გარეუბნებს თუ სხვას, სადაც არის სკვერები, ბაღები. ქალაქ ოზურგეთისთვის კი ეს ფორმულირება არ არის საკმარისი. უნდა ჩაემატოს მთლიანად ქალაქის შიგნით და შემოგარენში. სადაც არის თუნდაც პატარა გამწვანება, რომ პირუტყვისგან იქნეს დაცული და მისთვის კონკრეტული წესი იქნეს დადგენილი”, _ თქვა მან.
დეპუტატებმა მოიწონეს კოლეგის წინადადება და საკრებულომ საკითხის საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე, დადგენილებას მხარი დაუჭირა.