„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა გუმათში.
დაპირისპირებისას აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა. როგორც ადგილიდან საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მას პირველადი დახმარება აღმოუჩინა.
წინასწარი ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა.
„რიონის ხეობის მცველების” წარმომადგენელმა ვარლამ გოლეთიანის ინფორმაციით, კი დაპირისპირების დროს პოლიციამ 2 ადამიანი დააკავა.
„ორი ადამიანი დააკავეს. დაკავება მოხდა ზოგადად მიწოლის პროცესში. ბოლო პერიოდი მე ვაკეთებ მოწოდებას, რომ დავიხიოთ უკან, რადგან ქალები იყვნენ აქ და შესაძლებელია ვინმეს საფრთხე შექმნოდა. ჩვენ არ ვცდილობთ ფიზიკურ დაპირისპირებაში შევიდეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გულხელდაკრეფილები ვიდგებით და არ გავაკეთებთ არაფერს. იმისთვის , რომ ერთხელ და სამუდამოდ შევძლოთ გადასვლა ამ ბარიკადის მეორე მხარეს, ყველაფერს გავაკეთებთ მშვიდობიან ფორმაში“ , – განაცხადა გოლეთიანმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, კი გუმათში შეკრებილ ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები და შეინარჩუნონ სიმშვიდე. პოლიცია იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და რეაგირებას მოახდენს კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, რიონის ხეობაში მობილიზებული არიან და საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ.