საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას განცხადებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად ჯერჯერობით, საქართველოს 3 მოქალაქის გარდაცვალების შესახებ დასტურდება ინფორმაცია. ამის შესახებ დიპლომატმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა.
„სამწუხაროდ, კიდევ ერთი მოქალაქე დაგვეღუპა. ჩვენ ეს ინფორმაცია მივიღეთ ოჯახისგან, პირადად ვესაუბრე დაღუპულის დას. ჯერჯერობით, 3 ადამიანია გარდაცვლილი. სამივე შემთხვევაში დასტური გვაქვს ოჯახებისგან“, – განაცხადა ელჩმა.
როგორც მან აღნიშნა, 2 მოქალაქის ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია და სამძებრო ღონისძიებები გრძელდება.
„გუშინ 6 პიროვნება იყო დაკარგული, 4 ვიპოვეთ. ორი უმძიმესი შემთხვევაა და ამ დრომდე აბსოლუტურად ვერაფერი გავიგეთ. როგორც თურქები და ქართველები გვეუბნებიან, სამძებრო ღონისძიება მიმდინარეობს“, – განაცხადა ჯანჯღავამ.
ელჩი ასევე განმარტავს, რომ ერთ-ერთი მოქალაქე დაკარგულად მიიჩნეოდა, თუმცა იპოვეს.
„რაც შეეხება დაკარგულ მოქალაქეებს, მეზღვაურია ქ. ქ. დაკარგულად იყო გამოცხადებული და ერთ-ერთ სასტუმროსთან მივაკვლიეთ, ის ცოცხალია და ჯანმრთელად არის“, – განაცხადა ჯანჯღავამ.
ამასთან, მისივე განმარტებით, არის ადამიანების მიწისძვრის ზონიდან გამოყვანის ძალიან დიდი პრობლემა, ვინაიდან, გზები ჩახერგილია და ადგილზე შესვლა მხოლოდ სამაშველო ბრიგადებს და ჰუმანიტარული მიზნით შეუძლიათ.