საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის ოქტომბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო.
7 ოქტომბერს, ჩვენი გუნდი პოლონეთის ქალაქ პოზნანში შეიკრიბა, სადაც ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში უკრაინას დაუპირისპირდება.
შეკრების პირველი ვარჯიშის დასრულების შემდეგ, გუნდში არსებული განწყობის და ერთა ლიგის მომდევნო მატჩებისთვის მზადების შესახებ ოთარ კაკაბაძემ ისაუბრა.
“ძალიან კარგად დავიწყეთ ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი და ასე უნდა გავაგრძელოთ. უნდა დავამტკიცოთ, რომ ვიმსახურებთ ამ ჯგუფის მოგებას. მომდევნო მატჩები კიდევ ერთი შესაძლებლობაა ჩვენთვის. მოედანზე მოსაგებად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
პოლონეთში თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. პოზნანის სტადიონთანაც კარგი მოგონებები მაკავშირებს. ვეცდებით, გავიდეთ მოედანზე და ჩვენი საქმე გავაკეთოთ. ქართველი გულშემატკივარი ყოველთვის ჩვენთან ერთად არის, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მრავლად დადიან გასვლით თამაშებზე. იმედი მაქვს, რომ გავახარებთ და სახლში ბედნიერები დაბრუნდებიან”,_ განაცხადა კაკაბაძემ.