ჯენიფერ ბრაიანტმა ერთ დღეს მოულოდნელი ამანათი მიიღო — 51 ყუთში განაწილებული „SpongeBob“-ის 1 000-მდე ნაყინი მისი დის სახლში მიიტანეს. ჯენიფერი უფრო მეტად ამანათის ფასმა გააოცა. ნაყინების საერთო ღირებულება 2 619 დოლარი იყო.
ამ უცნაური ამანათის მიღმა ჯენიფერის 4 წლის შვილი, ნოა იდგა. როგორც აღმოჩნდა, ბიჭმა ნაყინები დედის ამაზონის ანგარიშიდან შეიძინა. სამწუხაროდ, ამანათი უკან დაბრუნებას არ ექვემდებარებოდა. სამი შვილის დედას, რომელიც პარალელურად მუშაობს და სწავლობს, ამანათისთვის საკმარისი არც საყინულე ჰქონდა და არც — ფული.
ამ ისტორიის მოსმენის შემდეგ, ჯენიფერის მეგობარმა საქველმოქმედო პლატფორმა „GoFundMe“-ზე ანგარიში შექმნა, რათა მეგობარსა და პატარა ნოას დახმარებოდა. ბოლო მონაცემებით, უკვე 10 000 დოლარზე მეტია შეგროვებული. დარჩენილი თანხა აუტისტური სპექტრის მქონე ნოას განათლებასა და მხარდაჭერას მოხმარდება.
ქველმოქმედი ადამიანების დახმარების წყალობით, 4 წლის ნოას შეუძლია, საყვარელი ნუგბარი, რომელიც კიდევ დიდხანს ეყოფა, თამამად მიირთვას.
ავტორი