“გურია ნიუსის“ რედაქციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ფამფალეთიდან დაუკავშირდნენ. ჩვენი რესპონდენტის თქმით, სოფელში დაწყებულია გაზის მილების გაყვანა, რის გამოც ოთხი დღეა მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება.
“სოფელს, არ ჰქონდა წყალი და მოგვარდა ეს პრობლემა. ახლა გაზის მილების შემოყვანა დაიწყეს და ძალიან გახარებულები ვიყავით, მაგრამ… ერთ დღეს მოხდა ის, რომ წყლის მილებზე მოხდა გაზის ბოძების დადგმა. ასეთი არაფერი გვინახავს. სწორედ ამის გამო დავრჩით წყლის გარეშე. არ ვიცი, სანამდე გაგრძელდება ეს უწყლობა. ერთ-ერთ ადგილას, სადაც არის გუბე, წყლის მილი დაზიანდა, ახლა ველოდებით, როდის გააკეთებენ. ეს დღეებია გარეთ პაპანაქება სიცხე არის და წყლის გარეშე ვართ. საქმის კურსში ჩავაყენეთ სოფლის ხელმძღვანელები, მაგრამ, ჯერჯერობით, პასუხი არ გვაქვს. ოთხი დღეა წყალი არ გვაქვს“, _ გვითხრა სოფელ ფამფალეთის ერთ-ერთმა მცხოვრებმა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ეკატერინე მგელაძის მოწოდებული ინფორმაციით, უკვე დაწყებულია წყლის პრობლემის მოგვარება.
“ადგილზე არიან შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები. ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ ვაკიჯვარში. ახლა მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა და დღის განმავლობაში მიეწოდება წყალი მოსახლეობას“, _ გვითხრა ეკატერინე მგელაძემ.