„ქართული ოცნება“ ერთპარტიულ პარლამენტში „მინისტრის საათს“ აუქმებს.
ეს ერთ-ერთი ცვლილებაა პარლამენტის რეგლამენტში, რომელიც პარტიის წევრებმა „პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზების“ გამოსწორების მიზნით დააინიციირეს.
“კერძოდ, წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტით უქმდება მინისტრის საათი, რომელიც არ არის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული საზედამხედველო ინსტრუმენტი და რომელიც, როგორც პრაქტიკამ აჩვენა, საპარლამენტო კონტროლის არაეფექტიანი მექანიზმი იყო. ამის სანაცვლოდ, ახალი რეგლამენტის პროექტით იზრდება ინტერპელაციების გამართვის ინტენსივობა. კერძოდ, რეგლამენტის პროექტის 149-ე მუხლის მე-5 პუნქტით განისაზღვრა, რომ, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ინტერპელაცია გაიმართება მორიგი სესიის პლენარული სხდომების ყოველ კვირაში, რაც პარლამენტის წევრებს შესაძლებლობას მისცემს, პლენარული სხდომების ყოველ კვირაში ჰქონდეთ საშუალება, კონკრეტულ შეკითხვებზე პასუხები მოისმინონ საქართველოს მთავრობის ნებისმიერი წევრისგან, აგრეთვე სხვა ანგარიშვალდებული სუბიექტებისგან”,_ წერენ კანონპროექტის განმარტებით ბარათში „ქართული ოცნების“ დეპუტატები.


































































