დაღესტანში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული ჭიდაობაში ორმა ოზურგეთელმა მოჭიდავემ იური ლომაძემ და დათო ჩხარტიშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
ა(ა)იპ სპორტულ-გამაჯანსაღებელი გაერთიანების დირექტორის რეზო ჭელიძის თქმით, ევროპის ჩემპიონატზე სამი ოზურგეთელი სპორტსმენი მონაწილეობდა: დათო ჩხარტიშვილი, იური ლომაძე და ლევან ქავჟარაძე (მწვრთნელები ვალერი ზურაბიანი, ლევან ქავჟარაძე, მწვრთნელი ბექა ჩოფლიანი).
_ საქართველოს ნაკრებში სამი ოზურგეთელი მოხვდა და შედეგით კმაყოფილები ვართ. 10 წონითი კატეგორიაში იბრძოდნენ სპორტსმენები. საქართველოს ნაკრებმა აიღო ერთი ოქროს, ერთი ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს მედალი.
მინდა გითხრათ, საოცრად იასპარეზეს ბიჭებმა და მადლობა მინდა ვუთხრათ მათ. ოზურგეთელი იური ლომაძის 5-ქულიანი სუფლექსი – ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ UWW დღის საუკეთესო გდებად აღიარა. ჩხარტიშვილი და ლომაძე გამოირჩევიან ტექნიკური ჭიდაობით, რაც კიდევაც აღინიშნა ჩემპიონატზე. გვინდა, ბიჭებს ოზურგეთში შესაბამისად დავხვდეთ და ამის შესახებ მოგვიანებით გაცნობებთ, _ გვითხრა რეზო ჭელიძემ.