64 წლის ასაკში ოზურგეთელი ჟურნალისტი და მწერალი ნუკრი ნიკოლაიშვილი გარდაიცვალა.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი ის მოულოდნელად გახდა ცუდად. სასწრაფო დახმარების ბრიგადას ის უკვე გარდაცვლილი დახვდა.
ნუკრი ნიკოლაიშვილი მუშაობდა გაზეთ “ლენინის დროშაში“, ტელეკომპანია “გურიაში“, გაზეთ “აჭარაში“ და გაზეთ “ალიონში.“
“ნუკრი ნიჭიერი კაცი, პროფესიით ჟურნალისტი იყო. ძალიან აქტიური ჟურნალისტი იყო და თავისი ერთგული მკითხველი ყავდა. ნუკრი ასევე იყო მწერალი, გამოცემული აქვს წიგნი. მისი მოთხრობები და ნოველები იბეჭდებოდა სხვადასხვა გამოცემებში, – გვითხრა “ალიონის“ რედაქტორმა ნუგზარ ასათიანმა.
ნუკრი ნიკოლაიშვილი 20 წელზე მეტი მუშაობდა აჭარის რეგიონში. ის ბოლო წლებში მშობლიურ სოფელ ბახვში, მეუღლესთან ერთად დაბრუნდა.
„გურია ნიუსი“ გამოთქვამს მწუხარებას და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.