დღეს, ოზურგეთში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, კონსტანტინე შარაშენიძის მხარდამჭერი აქცია _ მსვლელობა გაიმართა. მხარდამჭერები, რიგითი ოზურგეთელები, შარაშენიძის სახლთან შეიკრიბნენ, სადაც განთავსებულია მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბი.
„ოზურგეთი არ იყიდება“, „არა მოსყიდვას“, „არა ძალადობას“, „არა გაყალბებას“ _ ასეთი ტრანსპარანტებით აქციის მონაწილეები ქალაქის ცენტრისკენ გაემართნენ.
მომიტინგეებმა პოლიციას ჩაუარეს მოწოდებებით _ „არა ძალადობას“!
_ მეგობრებო, ყველამ კარგად იცით, ამომრჩეველზე როგორი ზეწოლა, მოსყიდვა და დაშინება ხდება. ჩვენ უარი ვუთხარით ძალადობას, მოსყიდვას და ეს ყველაფერი უკან მოვიტოვეთ. შექმნილია ზონდერების ჯგუფები და ვიცით, რა უქნეს ჭანიეთელ გოდერძი ქავთარაძეს. ცემეს, ყურებიდან სისხლი სდის, გააუბედურეს ადამიანი… არა ძალადობას, ოზურგეთი არ იყიდება! _ თქვა ოზურგეთელმა შოთა გოგიბერიძემ.
აქციის მონაწილეები გურიის ქუჩაზე, მოედანზე შეჩერდნენ, სადაც ხალხს კონსტანტინე შარაშენიძემ მიმართა.
მან ისაუბრა მიმდინარე საარჩევნო პროცესზე, არაერთხელ გაიმეორა, რომ ის ყველას მერია, სახალხო, დამოუკიდებელი კანდიდატია და პარტიული კუთვნილების თუ პოზიციური ან ოპოზიციური განწყობისა მიუხედავად, ყველა ადამიანი, ყველა ოზურგეთელი მისთვის ერთნაირად ძვირფასია.
შარაშენიძემ არაერთხელ ახსენა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი, ავთანდილ თალაკვაძე და მის ძმა არჩილ თალაკვაძე და თქვა, რომ სურდა მათთან დებატები, რაზეც ვერ დაითანხმა.
_ ვერ გავიგე, რომელია კანდიდატი! ბაღის ბაღანასავით დაათრევს აქით-იქით. დაშინება, მოსყიდვა, ძალადობა… პატიმრების ფაქტით სპეკულირებენ. ჭანიეთელი კაცი მოკლეს ცემით… დააკნინეს ხალხი. პირობითი სასჯელის მოხდაზე სპეკულირებენ… დამიდასტურეთ რომ ეს არის ფაქტი! მე არცერთი თქვენგანისთვის არ დამივალებია, მიდით, ის, იმის ოჯახის წევრი, გადმომიყვანეთ ჩემს მხარეს-მეთქი! ან ტელეფონით გადაიღეთ, გადმოიბირეთ ვინმე-მეთქი… ამას არასდროს გაკადრებთ! გულწრფელი არჩევნებია, ხალხო! დამიდასტურეთ, რომ ეს ასეა! (ტაშით შეხვდა ხალხი ამ მიმართვას. ავტ). ქართული ოცნების კანდიდატმა, არაფერი გაუკეთებიაო… 4 წელი, რაც შემეძლო, არ დამიზოგავს თავი. ერთხელ მოვიშორეთ მოძალადეები. მეორედაც უნდა მოვიშოროთ ის მოძალადეები! ზონდერები ჰყავთ მობილიზებული, გურულად რომ ვთქვათ, ცალტვინა ხალხი. ოღონდ კოტე არ იყოსო, ამიტომ. მე რომ დანაშაული მქონდეს სახელმწიფოს, თქვენ ან ვინმეს წინაშე, დღეს თქვენთან არ ვიქნებოდი. მე თქვენთან ერთად არასდროს გამიჭირდება! ჩემი გამარჯვება, ოზურგეთის გამარჯვებაა! მე ვარ დამოუკიდებელი კანდიდატი, სახალხო, საინიციატივო ჯგუფის წარდგენილი და გამარჯვება საქართველოს მასშტაბით უნდა ვიზეიმოთ! ყველა სოფლის, ყველა ქუჩის, სოფლის საზღვრებიანად ზეპირად ვიცი! ყველას გვერდში ვუდგავარ…37 წელს ვადარებ! ეს არ მომხდარა ოზურგეთში! ხალხს დასდევენ… სად არიან ის ხალხი, ვისაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ჰქვიოდა. ერთი აგერ ვარ, ახლა დამოუკიდებელი კანდიდატი. სად არიან დანარჩენები, დამფუძნებელს აღარ უნდა ეს პარტია. კლანად იქცა! არავისთან ჩხუბი არ მინდა და დაპირისპირება. თუმცა, ზოგმა ჭკუა ვერ ისწავლა, _ თქვა შარაშენიძემ.
აქციის მონაწილეთა მსვლელობა გაგრძელდა ოზურგეთის #60 საარჩევნო ოლქის მიმართულებით, სადაც შეჩერდნენ და მოუწოდეს, არ მოხდეს გაყალბება. შემდეგ ჩაუარეს „ქართული ოცნების“ შტაბს და დაბრუნდნენ მერობის კანდიდატის შტაბში, რომელიც, როგორც ვთქვით, შარაშენიძის სახლშია განთავსებული.
[sexy_author_bio]