ოზურგეთის #4 საჯარო სკოლა მთლიანად გადავიდა დისტანციურ რეჟიმზე. ამის შესახებ ინფორმაცია “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლელა იმედაშვილმა დაადასტურა.
მანამდე აღნიშნული სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა თამარ ოგანოვამ სოციალურ ქსელში დაწერა სტატუსი სკოლის ონლაინრეჟიმზე გადასვლის შესახებ.
“გადავიდა დისტანციურზე ოზურგეთის #4 საჯარო სკოლა, პირველკლასელებს კი ბუკებიც არ აქვთ ჯერ! რამდენიმე მოსწავლე რომ არის ოჯახში, იმათმა რა ქნან? სირცხვილია უბრალოდ! მესამე სასწავლო წელი დაიწყო რაც პანდემიის პირობებში მიმდინარეობს პროცესი და ისევ ფუნდამენტურ რაღაცეებზე გვიწევს საუბარი!“ – წერს თამარ ოგანოვა.
“გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ლელა იმედაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპისთვის უცნობია თარიღი როდის ჩამოვა სასაჩუქრე ბუქები პირველკლასელებისთვის.
როგორც ლელა იმედაშვილმა გვითხრა ამ საკითხთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ფლობს.
“გურია ნიუსმა“ კომენტარისთვის სამინისტორს მიმართა, სადაც გვითხრეს, რომ პანდემიის გამო დროულად ვერ მოხერხდა ბუქების ჩამოტანა უცხოეთიდან.
„კომპიუტერების გადაცემის პროცესი ჯერ არ დასრულებულა, ამიტომ ვისაც ამ ეტაპზე არ მიუღია კუთვნილი ტექნიკა, ისინი ნოემბრის შუა რიცხვებამდე მიიღებენ. სამინისტრო პირველკლასელებისთვის კომპიუტერების გადაცემას ნოემბრის შუა რიცხვებში დაასრულებს. პანდემიის გამო დროულად ვერ მოხერხდა ბუქების ჩამოტანა უცხოეთიდან“, _ გვითხრეს სამინისტროში.
[sexy_author_bio]