გურიაში, კერძოდ კი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში (რა თქმა უნდა, ისევე, როგორც ქვეყნის სხვა რეგიონებში) წელიწადის ამ დროს, უამრავი სერიოზული სამუშაოები სრულდება _ ეს ეხება სოფლის მხარდამჭერ პროგრამებს, სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს, მიწის სისტემურ რეგისტრაციას და ასე შემდეგ.
თუმცა, ამ მხრივ გურია ყველაზე რთულ ვითარებაში აღმოჩნდა, რადგან ამ ზამთარში სტიქიამ უამრავი ადამიანი დააზარალა. ხალხს დიდთოვლობაზე დაენგრა სახლები, სათბურები, ჩამოინგრა სახლების სახურავები და კედლები ჩამოიქცა. ასევე, დაზიანდა უამრავი დამხმარე ნაგებობა, რომლის გარეშეც სოფელში ადამიანი ვერ ცხოვრობს.
ახლა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, როგორც აქ სხვადასხვა სახელისუფლებო სტრუქტურაში გვეუბნებიან, დრო არ ითმენს, რომ უამრავი მიჯრით მიწყობილი საქმე, თანმიმდევრულად არ აკეთონ.
_ გაზაფხულიდან უამრავი საქმე იწყება რეგიონში. მიწის აზომვა, სისტემური რეგისტრაცია გასულ წელს ხდებოდა და ამ წელსაც გაგრძელდა. თხილის დახმარების, სოფლის მხარდამჭერი პროგრამების გახორციელება აუცილებლად დროულად უნდა მოხდეს. ამას ზედ დაემატა ზამთრის სტიქია, ხალხი გასაჭირშია და დროულ დახმარებას ითხოვს. ერთ წუთით არ ვჩერდებით, მაგრამ ამ ყველაფრის ერთად კეთება, ასე ვთქვათ, სინქრონულ რეჟიმში, საკმაოდ რთულია, _ გვითხრეს მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში.
სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს საქართველოს მთავრობისგან ერთი მილიონ 80 ათასი ლარი გამოეყო. ამ თანხით, ძირითადად, როგორც წინა წლებში, ახლაც ყველა სოფლის აბსოლუტურმა უმრავლესობამ, რატომღაც, სოფლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად ბეტონის გზის დაგება მიიჩნია. ამ პროექტის გახორციელების დროს, სოფლის დახმარების პროგრამის ფულით ხდება ბეტონის საფარის და გამძლე, მედეგი მავთულბადის შესყიდვა. დანარჩენ საქმეს კი, გზებზე ბეტონის საფარის დაგებისას, სოფლის მცხოვრებლები (კონკრეტული მუშა-ჯგუფები) თავად განსაზღვრავენ.
ამ ეტაპზე, ყველა სოფელში დასრულებულია კრებები და შესაბამისი ოქმებიც გადაცემულია, თუმცა, როგორც მერის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები გვეუბნებიან, შექმნილმა ფორსმაჟორულმა ვითარებამ, რაც უფრო ზამთრის დიდთოვლობამ გამოიწვია, გათვალისწინებული სამუშაოების დაწყება დაგვიანდა. მეტიც, სოფლების მცხოვრებთა დიდი ნაწილი ამბობს, რომ ბეტონის გზაზე მეტად საყანე ფართობების შეღობვა სურთ, თუმცა, მათი სურვილი არაა გათვალისწინებული.
_ ალბათ, მაისის ბოლოს მაინც დაიწყება სოფლებში ბეტონის გზების დაგება. სტიქიის შემოტევამ დიდი დარტყმა მოგვაყენა. ჯერ კიდევ ხდება სოფლებში გამოწვეული ზარალის აღწერა. პარალელურ რეჟიმში _ მიწის სისტემური რეგისტრაცია. ახლახან დაიწყო თხილის დახმარების პროგრამის მიხედვით ქულების დარიცხვა, თუმცა, აქაც შესაბამისი ფართობების რეგისტრაცია დასრულებული არ არის. ხალხი კი ამ ყველაფრის დროულად ამოქმედებას და ასევე, დასრულებას ითხოვს. ვფიქრობთ, შევძლებთ, _ გვეუბნებიან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში.
_ რას შეძლებენ? მე პირადად დღემდე ამაოდ დავწანწალებ და მიწის დაკანონებას ვერ ვეღირსე. შვილმკვდარი დედა ვარ. მიწის უფასო რეგისტრაციააო და აქამდე რაღაც ცნობებისთვის დამარბენინებენ. მემკვიდრეობა უნდა გააფორმოო და ოთხი წელია ვერ მოვახერხე. ვატყობ, ამ წელსაც ვრჩები ვაუჩერის გარეშე. ეს საქმეა? ბეტონის გზას რაც შეეხება, ჩვენს სოფელში ბევრგან დაიგო და რა ვიცი, ეს ხალხს მოსწონს, _ გვეუბნება სოფელ ძიმითის მკვიდრი ლეილა წულუკიძე.
კონკრეტულად, ბეტონის გზების დაგებას რაც შეეხება, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები თუ ბევრი ადგილობრივი მკვიდრი უკმაყოფილებას გამოთქვამს პრიორიტეტის განსაზღვრის გამო და ირწმუნებიან, რომ ხალხის უმრავლესობის აზრი არაა გათვალისწინებული.
_ ბეტონის გზაა თუ ასფალტის, ყველა კარგია, მაგრამ იცით რა ხდება? გზის დაგების დროს ბევრი ფული რჩება. ეს ფარული ბერკეტია ფულის “მოსატეხად”. ზოგადად, ინფრასტრუქტურული პროექტები “მომგებიანია”. ამიტომ სთავაზობენ თავად ხალხს, მაინცდამაინც ბეტონის გზას დავაგებთო. მე პირადად პრიორიტეტად მიმაჩნია, რომ ჩემს სოფელ ცხემლისხიდში საყანე ფართობები შეიღობოს. პირველ რიგში ესაა აუცილებელი, მაგრამ ძირითადი მასის სურვილს ვინ აქცევს ყურადღებას? სამაგიეროდ, 25 კაცს რა სურს, იმას აკეთებენ, უმრავლესობა რომ ყანას ვერ თესავს, არავის ადარდებს. როგორც შარშან და შარშანწინ არ დათესილა ყანები, წელსაც შეუღობაობის გამო არ დაითესება. ჰკითხეთ, აბა, ხალხს, რომელი ურჩევნია. ისე ხალხს ორივეს ჭირდება _ გზაც და საყანე ფართობის შეღობვაც. თუმცა, უკვე ვთქვი, რას რატომ ამჯობინებენ, _ გვეუბნება “ლეიბორისტული პარტიის” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით მამალაძე.
_ რამდენჯერ უნდა ვთქვათ, რომ საყანე ფართობების შეღობვა დღეს უპირველესი საზრუნავია? ბეტონის გზაც საჭიროა _ უმეტესობა სოფლების რელიეფი მთაგორიანია და კარგია, მაგრამ ყანებს ვერ თესავს ხალხი. ასე მთლად წაიშლება სოფელი. მჭადის გემო მოგვენატრა. ერთხელ ვთქვით თუ ორჯერ? ესმის ვინმეს? _ ამბობს სოფელ ქაქუთის მკვიდრი სერგო ბოიაჯანი.
_ ვიჭირვებთ და ისე ვთესავთ ყანას. მანამდე უფრო მეტს ვთესდით, მაგრამ ღობეები ისე გაფუჭდა, ვერ შევძელით გაკეთება. გურია მცირემიწიანია, სხვადასხვა ადგილზე გვაქვს საყანეები საკუთრებაში და სადაც უფრო ვახერხებთ დათესვას, იქ ვმუშაობთ. ძვირი ღირს მავთული, ლურსმანი… ვიცით, რომ ხალხს უმეტესად ეს სურს, თუმცა არ ხერხდება და ვისი ბრალია, რა ვთქვათ? იქნებ, ჩვენ უნდა მოვინდომოთ მეტად, _ ამბობენ სოფელ ჭანიეთის მცხოვრებლები ლია შავიშვილი, ლია ურუშაძე, ლეილა მენაბდე და ირმა სურგულაძე.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და ოზურგეთის საკრებულოს წევრი, დაბა ნასაკირალის მკვიდრი ბესო ქათამაძე ამბობს, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები კრებებს ჩუმად ატარებენ და სოფლის კრებაზე არ ეძახიან არავის, არც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, არც ოპოზიციურად განწყობილ ადგილობრივებს:
_ ბეტონის გზა კარგია და გვჭირდება. ბევრგან დაიგო, ბევრგან დასაგებია, თუმცა, მანდაც არსებობს კითხვის ნიშნები… კრებებს ისე ატარებენ, ჩვენ არავინ გვეძახის. 30 კაცი უნდა წყვეტდეს ან ორმოცი, ასი კაცის ნაცვლად? ნუ, ამას პირობითად ვამბობ, თორემ ბეტონის გზა საჭირო არააო, ამას კი არ ვამბობ, _ ამბობს ბესო ქათამაძე.
კიდევ უფრო მკვეთრ განცხადებას აკეთებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ოზურგეთის საკრებულო წევრი დავით მჟავანაძე:
_ ზოგადად, სოფლის მხარდამჭერი პროგრამის მთავარი მიზანი იყო საზოგადოების მაღალი ჩართულობა ამ პროექტში. ადგილობრივი ლოკალური პრობლემების შესახებ ადგილზე უფრო იცის მოსახლეობამ. არის პრობლემები, რომელიც ცენტრალიზებულად უფრო წყდება, თუმცა ეს იყო გათვლილი ადგილობრივი მცხოვრებლების აქტიურ მონაწილეობაზე. მაგრამ ეს იდეა მოკლა და ჩააბეტონა “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ _ თვითონ წყვეტს, სად რა გააკეთოს. ფორმალობამდე დაიყვანა ეს ყველაფერი. მე როცა კი დავსვი საკრებულოს ბიუროს სხდომაზე ეს საკითხი, მაშინვე დამიპირისპირდნენ. 75 კრებაა წელს ჩატარებული სოფლებში. მინიმალურად ვთქვათ _ ათი კაცი დაესწრო თითოეულს. გამოდის, რომ შრომაში, ნატანებში, ჭანიეთში, ხვარბეთში, შემოქმედში 750 კაცს, სულ მცირე, ყველას ერთი აზრი მოუვიდა თავში და ერთხმად დაიძახეს, ბეტონის გზა გვინდაო? ეს ხომ გაყალბებული ფაქტია. მათ ისეც გააჩნიათ ვალდებულებები, გზები გააკეთონ. კეთილი ინებონ, მოიძიონ თანხები და გააკეთონ.
მე მეხუთე წელია, ოზურგეთის მერს მივმართავ განცხადებით, რომ ჭანიეთის სასაფლაოს ღობე არ აქვს და ხალხი ვერ ახერხებს შეღობვას. თუმცა, პასუხი ვერასდროს მივიღე. არ აინტერესებთ და მორჩა. სამაგიეროდ კომიკურია და დანაშაულებრივიც, რომ თითქოს ყველგან ყველას ბეტონის გზის დაგება მოუნდა და ყველგან ერთი და იგივე კომპანია დააგებს ამ გზებს. არ გჯერათ? მაშინ მოიძიეთ მაგ 75 კრების ოქმი და ნახავთ, თუ ერთი კომპანია არ მოიგებს ყველა ტენდერს, _ გვეუბნება მჟავანაძე.
ბესო ქათამაძე კი აზუსტებს, რომ ყველა ტენდერს კომპანია “პოლატი” იგებს, ჩადით გურიანთაში, იკითხეთ, ყველაფერი მაგათია და როცა ტენდერები დასრულდება, ნახავთ თუ ტყუილს გეუბნებითო.
რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ინფორმაციის კვალდაკვალ ვიმოქმედებთ, რაც ადრეც არაერთხელ გვიქნია. მთავარია, მკითხველთან ზუსტი ინფორმაცია მივიტანოთ და ყველა მხარისგან მოვითხოვოთ ობიექტური კომენტარი.
თავის მხრივ, სამუშაოების დაწყებამდე ასეთ კომენტარებს აკეთებენ სოფლების გამგებლები:
_ კრება ჩავატარეთ. აუცილებლად დაიგება ბეტონის გზები, თუმცა, ჯერ არ გვაქვს გადაწყვეტილი, რა სიგრძის იქნება ჯამურად. მალე შევჯერდებით და გაუკეთებელი არ დარჩება, _ გვითხრეს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებმა ბახვსა და ბაილეთში კახი მგელაძემ და გიორგი ქათამიძემ.
ვაკიჯვრის მცხოვრებმა, “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა, ოზურგეთს საკრებულოს წევრმა ბაჩანა ნიჟარაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები თავად არ მოდიან სოფლის კრებებზე.
ნანა წითლიძე, მერის წარმომადგენელი სოფელ ლიხაურში: “სოფელში კრება ჩავატარეთ, ოქმი გადაცემულია. ლიხაურში, სოფლის ოთხ უბანში დაიგება 1,5 კმ სიგრძის ბეტონის გზა. რა თქმა უნდა, ეს ცალკეული მონაკვეთებია”.
ოლეგ ჩხარტიშვილი, მერის წარმომადგენელი სოფელ ჯუმათში: “ჩვენი სოფელი მაღალმთიანია. კრება დროულად ჩავატარეთ. ჯამურად უნდა დაიგოს 800 მეტრი სიგრძის გზა. ხალხი ხშირად გვეკითხება, როდის დაიწყება გზების გაკეთება, თუმცა, ცოტა უნდა მოვითმინოთ. ვფიქრობ, ზაფხულის განმავლობაში ყველა სოფელში დაიგება გზები”.
კახი მგელაძე, მერის წარმომადგენელი სოფელ ბახვში: “როგორც ყველგან, ჩვენთანაც ჩატარდა სოფლის კრება რახანია. გადაწყდა, რომ ორ უბანში 100 მეტრი სიგრძის ბეტონის გზა გაკეთდება. ჯერ არსად არ დაწყებულა დაგება. იმედია, მალე დაიწყება. მთავარი საქმე დოკუმენტურად და რაც მთავარია, ხალხის შეკრება და კრების ჩატარება მოხდა”.
“მთისპირი ფართობით დიდი სოფელია. მოსახლეობა იმდენი არაა, თუმცა, არც მცირეა. აქ კრება ჩავატარეთ. ხალხმა გადაწყვიტა, რომ სოფლის ოთხ უბანში 1 200 მ. სიგრძის გზა დაიგოს”, _ გვითხრა მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა სოფელ მთისპირში, ვლადიმერ ჩავლეშვილმა.
“გურია ნიუსი” თვალს მიადევნებს ამ პროცესს და სოფლის პროგრამის გახორციელების შესახებ მკითხველს საქმის კურსში ჩააყენებს.
ავტორი