ახალ წლამდე ერთი დღით ადრე, ტრადიციულად, ხალისიან განწყობაა ოზურგეთის ქუჩებში. ქალაქის ცენტრალურ სივრცეში , უმეტესად საკვები პროდუქტი, ხილი და ბოსტნეულია გამოტნილი. სოფლის პროდუქტის სიჭარბე, ყოველი დღესასწაულის, განსაკუთრებით კი, წინასაახალწლოდ, ჩვეულებრივი ამბავია. თუმცა, ტრადიციული ჩიჩილაკის ნაირსახეობების სიჭარბეა და ტყესვით მოსდებია ქუჩებს.
_ ჩიჩილაკების ტყეა. პიროტექნიკა არ ჩანს. დეისვენა ყურებმა. ამევისუნთქე. რაღაცა 20 კილო მანდარინს თუ გავყიდდი და ოცჯერ ყურებზე მქონდა ხელები აფარებული. კი მიხარია, ეს ვინც აკრძალა, – გვეუბნება პენსიონერი თინა შავიშვილი, რომელიც თავისი ბაღის ხილეულს ხშირად ყიდის ღია სავაჭრო სივრცეში.
ჩიჩილაკის ფასი, ზომებისა და ფორმის მიხედვით, ნაირ-ნაირია. 5 ლარიდან 150 ლარამდე მერყეობს.
რაც შეეხება პროდუქტს, რომელზეც ამ დღეებში განსაკუთრებული მოთხოვნაა, ფასები ასე გამოიყურება: ერთი კილოგრმი ყველი 17-18 ლარი ღირს. ერთი ლიტრი რძე სამი ლარი. სოფლის კვერცხი, ერთი ცალი 1 ლარი. ცოცხალი სოფლის ქათამი, ასევე მამალი, ერთი ფრთა, საშუალოდ 50 ლარი ღირს. ინდაურები განსაკუთრებული ფასით გამოირჩევა. მამალი ინდაურის ფასი 150 -200 ლარს შორის მერყეობს. ცოტა ნაკლებია დედალი ინდაურის ფასი. გოჭის ფასმა, ცოცხალი წონით (ერთი კილოგრამი) 18 ლარს მიაღწია.
შედარებით იაფია ხილი. ერთი კილოგრამი მანდარინი, საშუალოდ, ერთი ლარი ღირს. აგრარული კულტურებიდან იაფია გოგრა. ერთი ცალი 4-5 ლარი ღირს.
სასურსათო მაღაზიებში განსაკუთრებით გაზრდილია შაქრის (ერთი კგ 2,70 ლარი) და ზეთის (ერთი ლიტრი 4,80-6,50 ლარი) ფასი.
ავტორი