ოზურგეთში, პიტბულის მიერ დაკბენილი 2 წლის ლაზარეს ამ წუთებშიც ოპერაცია უტარდება. ბავშვი იაშვილის სახელობის კლინიკიდან ცოტა ხნის წინ გადაიყვანეს კერძო კლინიკა “კარაპს მედლაინში”, სადაც ბავშვს თავზე კანს გადაუნერგავენ და შემდეგ ისევ იაშვილის კლინიკაში დააბრუნებენ მკურნალობის გასაგრძელებლად. ექიმების თქმით, ოპერაციის შემდეგ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 48 საათი, რომ დააკვირდნენ როგორ მიიღებს სხეული გადანერგილ კანს. როგორც ცნობილია, ოპერაცია 14 საათიანია.
“აუცილებელი ჩარევა, რაც განხორციელდა პირველ ეტაპზე, ეს იყო კანის დაზიანებული უბნების მოცილება, ჭრილობის გასუფთავება, ამის ძირითადი მიზანი იყო მეორადი ინფექციისგან ბავშვის დაცვა. რისკი ამ ეტაპზე ინფექციის განვითარების ძვლის ინფექციის, სისტემური ინფექციის, არის მინიმუმამდე დაყვანილი. ახლა ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, წუხანდელმა ღამემ მშვიდად ჩაიარა და მშობლები აღნიშნავენ, რომ პირველი ღამე იყო, როცა ბავშვს წყნარად ეძინა, ტემპერატურა არ გვაქვს”, – ამბობს იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე.
ინფორმაციისთვის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში, 2 დღის წინ, 5 და 2.7 წლის ძმები ქუჩაში პიტბულმა დაკბინა. უფროსი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის სახლში იმყოფება. პატარა ლაზარეს მდგომარეობა კი რთულია, ის ჯერ ქუთაისში გადაიყვანეს რეანიმობილით, შემდეგ კი თბილისში, იაშვილის კლინიკაში.
ლაზარეს ოპერაციის თანხას, 40000 ლარს სახელმწიფო სრულად აფინანსებს.