ოზურგეთში ძაღლმა ქალი დაკბინა. შემთხვევა თეატრის შენობასთან გუშინ დილით მოხდა, როცა ქალი სამსახურში მიდიოდა.
-გუშინ, დილით, 9 საათზე სამსახურში მივდიოდი. ოზურგეთის თეატრის წინ როცა გავიარე, იქვე, გვერდით მდებარე სკვერიდან ძაღლების გუნდი გამოექანა. ერთ მათგანი, წითური, ბომბორა ძაღლი ფეხში, წვივის არეში მეცა და ხორცი მომაგლიჯა. ვკიოდი, ვწიოდი…ვერ მოვიცილე. ერთი ახლგაზრდა ბიჭი გამოჩნდა, წითელი მაისური ეცვა. არც ვიცი, ვინ იყო. ის რომ არ მომშველებოდა, არ ვიცი , რა მოხდებოდა. დილადრიან, ეტყობა, შიოდათ ამ ძაღლებს. მე ჩემი მაღაზიის წინ როცა გამოჩნდებიან, პურს სულ ვაძლევ და ახლა ჩანთითაც პურით ვერ ვივლი. ხომ უნდა მოგვარდეს ერთხელ და სამუდამოდ ეს პრობლემა? – ამბობს დაზარალებული მანანა აბაშიძე. ის ერთ-ერთ მცირე მარკეტში მუშაობს.
როგორც ქალბატონმა მანანამ გვითხრა, სასწრაფოდ წავიდა საავადმყოფოში, სადაც გაუწიეს დახმარება.
_ნემსი კი გავიკეთე, კოჭლობით დავდივარ, თუმცა პატრონი როდის ეყოლება ამ ძაღლებს? ახლა ქუჩაში გავლაც კი საშიში გახდა, _ გვითხრა მან.
მიუხედავად იმისა, რომ არაერთგზის და არაერთხელ ვწერთ ამ პრობლემაზე და ასევე არაერთხელ ხდება განმარტება ხელისუფლების მხრიდან თუ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, მიუსაფარი ძაღლების საკითხი მაინც მოუგვარებელია ოზურგეთში.
ავტორი