ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნასა და მისი შემადგენლობის დამტკიცებას _ ამ ცვლილებით გენდერული თანასწორობის საბჭოს სახელი შეუცვალეს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას ინიციატივით სახელშეცვლილ საბჭოს ნინო ჭანიშვილი უხელმძღვანელებს.
„მიმაჩნია, რომ ამ საბჭოს ისევ ნინო ჭანიშვილმა უნდა უხელმძღვანელოს“, _ თქვა დავით დარჩიამ.
სხდომაზე ნინო ჭანიშვილმა ისაუბრა ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით.
„გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი სირაძემ სხდომაზე რეპლიკის სახით იკითხა, თუ რატომ გაუქმდა სიტყვა გენდერი?
ამ კითხვაზე ნინო ჭანიშვილმა უპასუხა: „არ ინერვიულო, დაცული იქნები…“
ჭანიშვილმა, ასევე განმარტა: „ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად შეიქმნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მუნიციპალური საბჭო და მისი დებულება.“
ამ ცვლილებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს.
ავტორი































































