დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, განიხილეს საკითხი, ქალაქ ოზურგეთში, გრიბოედოვის ქუჩა N20-ში მდებარე სახლის, მიმდებარე კედელზე, გამოჩენილი ქორეოგრაფის, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ღირსების ორდენის კავალერის ,,ჯუმბერ დუნდუას“ სახელობითი მემორიალური დაფის განთავსების შესახებ.
საკრებულოს დეპუტატმა ლელა საჯაიამ ისაუბრა, გარდაცვალების ვადის (15 წლის გასვლამდე) შეზღუდვიდან გამომდინარე, გამონაკლისის დაშვების მიზანშეწონილობის შესახებ და თქვა, რომ ჯუმბერ დუნდუა იმ იშვიათ ხელოვანთაგანია, რომლის სახელის უკვდავსაყოფად, მსგავსი ნაბიჯის გადადგმა მართებულია.
_გიორგი სალუქვაძის შემდეგ, ასეთი მასშტაბის და დონის ქორეოგრაფი სხვა არ გვყავს. ის იყო ასევე ძლიერი ორგანიზატორი. მისი ხელმძღვანელობით , ქორეოგრაფიული ანსამბლი დამოუკიდებლად გადიოდა საზღვარგარეთ და შეეძლო შეუსვენებლად საათნახევრიანი კონცერტის ჩატარება. ნურავინ მიწყენს თუ ვიტყვი, რომ სხვა ანსამბლები მომღერლებთან ერთად ახერხებდნენ ამას, რათა სიმღერის დროს მოცეკვავეებს შეესვენათ. ჯუმბერ დუნდუა ასევე უდიდესი ორგანიზატორი იყო. მან თაობები აღზარდა, აზიარა ქართული ხალხურ ქორეოგრაფიას. ის ანსამბლის თითოეულ წევრზე , როგორც შვილზე, ისე ზრუნავდა. მისი აღზრდილები, დიდი რაოდენობით, დიდ ანსამბლებში გადადიოდნენ ყოველთვის, _ ასე ისაუბრა გამოჩენილი ქორეოგრაფის შესახებ, საკრებულოს დეპუტატმა ლევან ნინიძემ.
განკარგულება საკრებულოს წევრთა სრული მხარდაჭერით დაამტკიცეს, _ მემორიალური დაფა გრიბოედოვის ქუჩაზე, ხელოვანის საცხოვრებელი სახლის კედელზე განთავსდება.
ავტორი: მარინა ჩიხლაძე