4 ივლისს, ოზურგეთში, გამოჩენილი ქორეოგრაფის, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ჯუმბერ დუნდუას მემორიალური დაფა გაიხსნა.
საზეიმო ცერემონიალს ესწრებოდნენ, როგორც ოზურგეთის საზოგადოების, ხელისუფლების ასევე, თბილისიდან ჩამოსული ხელოვნების დარგის წარმომადგენლები.
ღონისძიება ჯუმბერ დუნდუას შვილმა, მამის გზის გამგრძელებემა, კობა დუნდუამ გახსნა. ბარელიეფს ფარდა კი შვილიშვილებმა ჩამოხსნეს.
„ეპოქის შემქმნელი ქართულ ქორეოგრაფიაში“, „საქართველოს დაუვიწყარი შვილი“, „დაფა სიმბოლოა, როგორ უნდა იღვაწოს და დაიფერფლოს ხელოვნებისთვის ადამიანი“, „მან დასაწყისიდანვე გაიარა სუხიშვილების სკოლა და მერე იმდენი მოცეკვავე არავის გაუზრდია რეგიონიდან ამ ანსამბლისთვის , რამდენიც ბატონმა ჯუმბერმა“, _ ისმოდა სიტყვით გამომსვლელებისგან.
მემორიალურ დაფაზე, რომელიც ამიერიდან სახლის კედელზე იქნება გაკრული, ასეთი წარწერაა: „ამ სახლში 1986-2014 წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა გამოჩენილი ქორეოგრაფი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე და ღირსების ორდენის კავალერი, ჯუმბერ დუნდუა“.
საზეიმო ცერემონიალის შემდეგ, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრში მაყურებლის წინაშე დიდი კონცერტით წარდგა სახელმწიფო ანსამბლი „გურია“, რომელსაც ახლა კობა დუნდუა ხელმძღვანელობს.
ვრცლად სტატიას ოზურგეთში ჩატარებული ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების შესახებ, მალე მივაწვდით მკითხველს.
ავტორი: მარინა ჩიხლაძე