ოზურგეთის მონიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა, ლაშა თავაძემ, დღეს, საკრებულოს სხდომაზე წარმოადგინა საკითხი „ მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“.
საკითხის ირგვლივ საუბრისას მან განმარტა, რომ ახალ განყოფილებაში ხუთი თანამშრომელი იმუშავებს.
დარბაზიდან გაისმა კითხვები, კადრების შერჩევასთან დაკავშირებით. კერძოდ, ადგილზე მოხდება შერჩევა თუ ცალკეული პირები კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას.
_შესაძლოა, გამოცხადდეს შიდა კონკურსი, რათა მაქსიმალურად გამოვიყენოთ ადგილობრივი რესურსი, _ განაცხადა ლაშა თავაძემ.
საკრებულოს წევრმა, ექიმმა დავით მდინარაძემ გამოთქვა თვალსაზრისი, რომ კადრების შერჩევა სწორად უნდა მოხდეს.
_სერიოზული სფეროა და ძალზე გულისხმიერი მიდგომა სჭირდება, _ თქვა მან.
ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის მომსახურების განყოფილებაში დასაქმებულ ხუთ თანამშრომელს, სხვადასხვა პოზიციაზე, ხელფასი განესაზღვრებათ შემდეგი ოდენობით: განყოფილების უფროსი – 1400 ლარი; უფროსი სპეციალისტი, ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი _ 1100 ლარი; ბავშვის ფსიქოლოგი _ 1000 ლარი; უფროსი სპეციალისტი, ბავშვის ჯანმრთელობის მართვის საკითხებში _ 900 ლარი და უფროსი სპეციალისტი, ბავშვის სამართლებრივი დახმარების სპეციალისტი _ 900 ლარი.
სხვადასხვა თვალსაზრისის გამოთქმის შემდეგ, საკრებულოს დეპუტატებმა დადგენილება მიიღეს.