ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, იაპონიის საელჩოში სამი პროექტის ხელმოწერის ცერემონია გაიმართა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი იაპონიის საელჩოს „ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის“ გამარჯვებული გახდა. გარდა ოზურგეთისა, პროგრამის გამარჯვებულები ბათუმისა და გორის მუნიციპალიტეტები არიან. პრიზად ოზურგეთის მუნიპლციპალიტეტს თანამედროვე სტანდარტების ნარჩენების შესაგროვებელი მძიმე ტექნიკა, კონსტრუქციულად შესაბამისი სანაგვე ურნებით გადაეცემა, რაც ქალაქს ნარჩენების სეგრეგაციასა და ნარჩენების მართვის უფრო მდგრად მოდელზე გადასვლაში დაეხმარება.
შეხვედრას იაპონიის ელჩი ტადაჰარუ უეჰარა, გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, საქართველოს მთავრობის მაღალი რანგის, სამოქალაქო საზოგადოების და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.
პროექტები იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა და გარემოს დაცვას, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების შესაძლებლობების ზრდას და მდგრად განვითარებას ემსახურება. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან იაპონიამ დააფინანსა 176 საგრანტო პროექტი, რომლის ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 17 მილიონ დოლარზე მეტი. საგრანტო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ადამიანის უსაფრთხოებას საქართველოში შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებებით: გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და განათლება. პროგრამის მთავარი პრინციპია სიღარიბის აღმოფხვრა, მდგრადი განვითარება, მოსახლეობის ჩართულობა და თანასწორობა.(R)