2 ივლისს, ოზურგეთის თეატრი საბერძნეთის საერთაშორისო ფესტივალზე გაემგზავრება. თეატრის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ლია კილაძის ინფორმაციით, ფესტივალი ქალაქ სალონიკში _ 4-11 ივლისს გაიმართება. ოზურგეთის თეატრი საბერძნეთში სამი სპექტაკლით წარდგება: ფესტივალი გაიხსნება სპექტაკლით ჟან ანუის პიესით “ანტიგონე“ (რეჟისორი ვასო ჩიგოგიძე).
მომდევნო დღეებში სცენა დაეთმობა სპექტაკლებს “სამი ასული“ (პ. კაკაბაძე, რეჟისორი მამუკა ბაბილოძე) და “ნეტავი, დამბადებელო“ (ბელა კიკვაძის საავტორო სპექტაკლი ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების მიხედვით).
“საქართველოდან ფესტივალში ჩვენთან ერთად მონაწილეობს თბილისის სომხური თეატრი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრი “მოდინაზე“. ჟიური სხვადასხვა ქვეყნის ხელოვნებათმცოდნეებისგან შედგება, მათ შორის გახლავთ ნიკა წულუკიძე და ნანა ფაჩუაშვილი“, _ გვითხრა ლია კილაძემ.
ოზურგეთის თეატრი საბერძნეთიდან 13 ივლისს დაბრუნდება.