“გურია ნიუსის” ინფორმაციით, ოზურგეთში სკოლების ნაწილი კორონავირუსის გამო კვლავ ონლაინსწავლებაზე გადადის, _ აღნიშნულს ჩვენთან საუბრისას ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ლელა იმედაშვილი ადასტურებს.
იმედაშვილის თქმით, ქვემო და ზემო ნატანების, ასევე ლიხაურისა და ცხენლისხიდის სკოლებში, მოსწავლეებსა და პედაგოგებში კორონავირუსის რამდენიმე შემთხვევა დადასტურდა. აღნიშნულის გამო, ზემოთ ჩამოთვლილ სკოლებში ორშაბათიდან სწავლა ჰიბრიდულ, ზემო ნატაბებში კი მთლიანად ონლაინ რეჟიმში გადადის.
“ცხემლისხიდის – XII , ქვემო ნატანების – XI და XII , ლიხაურის – დაწყებითი კლასები, ანუ I – IV ჩათვლით, ორი კვირით ონლაინ სწავლებაზე გადავა”, _ გვითხრა იმედაშვილმა.
მისივე თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამ სკოლაში ჰიბრიდულ სწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა, საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან შეთანხმებით მიიღო.
“რაც შეეხება ზემო ნატანების სკოლას, სადაც ვირუსი მუსიკის პედაგოგს დაუდასტურდა, მას კი შემხებლობა თითქმის მთელ სკოლასთან ჰქონდა, აქ ორი კვირით მთელი სკოლის დისტანციურ სწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ბრძანება განათლების მინისტრმა გამოსცა”, _ გვითხრა საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა.