დღეს, დილიდან, ოზურგეთში, ერთი კილოგრამი თხილის ფასი ოთხი ლარია.
სამიოდე დღის წინ დაწყებული ფასების განსხვავება „გულშიშველას“ და „ბერძნულას“ შორის, დღეს ისევ გათანაბრებულია და განურჩევლად ზომისა და ჯიშისა, საღ თხილში ყველას ერთნაირი ფასს – ოთხ ლარს უხდიან.
თხილის მიმღებ პუნქტებში ჩანს, რომ თხილს ტეხენ, თუმცა როგორც მწონავები გვეუბნებიან, მხოლოდ ხარისხის გაგება სურთ, რადგან უვარგისი თხილის შემოტყუება დაიწყეს. ის მეთოდი კი, რაც გასულ წლებში იყო, ათი ცალი გატეხილი თხილიდან, საღის მიხედვით ფასის გამოყვანა, აღარ მოქმედებს.
გავრცელებული ინფორმაციით, თხილის გატეხვის აკრძალვას ხან მთავრობის მეთაურს მიაწერენ, ხანაც ბიძინა ივანიშვილს, თუმცა ოფიციალურად ამას არავინ ადასტურებს.
_არ იფიქროთ, თხილს იმიტომ ვტეხდეთ, ფასის გამოთვლა გვინდოდეს. ხარისხს ვამოწმერთ და კიდეც იმას, ტომარაში ქვები და ხრეში ხომ არ ყრია. მოაქვთ ნაგავით სავსე, უხარისხო თხილი. 800 გრამიანი ქვები, აგურის ნამტვრევბი და ხრეში ჩაყარეს თხილიან ტომრებში. ერთ პატარა ტომარაში, რომელშიც სულ 6 კილო თხილი იყო, მერე აღმოვაჩინეთ რომ 800 გრამიანი ქვაც იდო. ნახევარკილოიანი ქვებიც ვნახეთ. ამას კადრულობს ხალხი, – გვითხრეს ოზურგეთში, ნინო რამიშვილის ქუჩაზე განთავსებულ თხილის მიმღებ პუნქტში.
„მტეხლაობა დაიწყეს და გამოადგებათ თხილის გასატეხად“ _ ზოგი ხუმრობის ხასიათზე დააყენა ამ უკადრისი საქციელის ამბავმა.