21-ე საუკუნის ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნის“ შექმნაში მონაწილეობას ამჯერად ოზურგეთის მოსახლეობა იღებს, რომელსაც მერაბ ბერძენიშვილის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრი მასპინძლობს.
პროექტი უპრეცენდენტოდ სახალხო და მასშტაბურია _ მხატვარ ქეთი მატაბელის მიერ შექმნილი ხელნაკეთი წიგნი „ვეფხისტყაოსანი“, საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში 26 მაისის ჩათვლით „იმოგზაურებს“. პოემის გადაწერა საზეიმოდ 26 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, რუსთაველის თეატრის წინ დასრულდება.
პროექტი „გადაწერე ვეფხისტყაოსანი“ 15 მაისს, ახალციხეში რაბათის ციხის ტერიტორიაზე დაიწყო, 16 მაისს, კი „ვეფხისტყაოსნის“ სტროფები ვარძიის ტერიტორიაზე გადაწერეს.
პროექტი „გადაწერე ვეფხისტყაოსანი“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ხორციელდება.