დღეს, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურიდიას 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გურიის გუბერერნატორი ზურაბ ნასარაია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კოტე შარაშენიძე, ზვიად გამსახურდიას ოზურგეთელი თანამებრძოლები და „საქართველოს ჰელსინკის კავშირის“ წევრები.
ღონისძიებას უძღვებოდა ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის დირექტორი ზაზა ჯინჭარაძე, მან ისაუბრა ზვიად გამსახურდიას მოწამეობრივად განვლილ გზაზე.
სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში, ზურაბ ნასარაიამ, გულთბილად გამოხატა საქართველოს პირველი პრეზიდენტისადმი პატივისცემა:
_უპირველესად გილოცავთ ზვიად გამსახურდიას იუბილეს. ის ნამდვილად არის ეროვნული გმირი. მე მახსოვს, სტუდენტები ლექციებიდან გავრბოდით, რომ ცოცხალი ზვიად გამახურდია და მერაბ კოსტავა გვენახა, მათთვის მოგვესმინა. ზვიად გამსახურდიას წინამძღოლობით მოპოვებულია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და სწორედ ეს აქტი არის ჩვენი წინსვლის გარანტი. ზვიადის სიტყვებით ვიტყვი, „გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს“, _ თქვა მან.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კოტე შარაშენიძემ ასევე პატივისცემით ისაუბრა საქართველოს პირველ პრეზიდენტზე და ღონისძიების ორგანიზატორებს შემოსვლისთანავე ისიც შეახსენა, პრეზიდენტის ფოტოსთან ორი ცალი „გვაზდიკა“ რატომ ვერ ვერ დადეთ, ახლავე მოიტანეთო. მართლაც, გამსახურდიას ფოტოსთან სასწრაფოდ გაჩნდა ყვავილები.
დარბაზი დიდხანს და გატრუნული უსმენდა მამა ნიკოლოზის გამოსვლას, რომელმაც გაიხსენა ზვიად გამსახურდია, როგორც თანამებრძოლი.
ზვიად გამსახურდიას და ეროვნული მოძრაობის აღმავლობის პერიოდზე ისაუბრა მხატვარმა ვახტანგ მამეშვილმა.
ანსამბლმა „შემოქმედმა“ შეასრულა „შავლეგო“, ხოლო ღონისძიების დასასრულს, ანსამბლთან ერთად, დარბაზმა იმღერა ილია ჭავჭავაძის „ჩემო კარგო ქვეყანა“.