პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას და თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებას პოლიტიკოსები ეხმაურებიან. ევროპული საქართველოს წევრი და პარლამენტის დეპუტატის სერგი კაპანაძის თქმით, არსებობს ბევრი კითხვა, რომლებსაც პოლიტიკური პასუხი უნდა გაეცეს და რომელზეც უნდა დადგეს იმ ადამიანების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც ამაში არიან ჩართული.
,,ძალიან სამწუხაროა, რომ სპეცოპერაცია დასრულდა ამ ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალებით. ბუნებრივია, კითხვები არსებობს, არსებობს ორი ტიპის კითხვები, პირველია, ჩატაევთან დაკავშირებული ისტორია, როგორ იქნა ის გაშვებული ციხიდან, როგორ მოხდა მისი საქართველოდან წასვლა და როგორ მოხდა მისი დაბრუნება საქართველოში, როცა ის იყო შავ სიაში შეყვანილი, ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციების და ჩვენი სტრატეგიული პარტნიოერების მიერ, ეს არის მთავარი კითხვები რომელსაც პოლიტიკური პასუხი უნდა გაეცეს და რომელზეც უნდა დადგეს იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ამაში არიან ჩართული. გარდა ამისა, ბუნებრივია, არის სხვა ტიპის კითხვებიც, მათ შორის ძალის გადამატებასთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ ამ კონკრეტული სპეცოპერაციის დროს ლეგიტიმური კითხვები გაჩნდა _ იყო თუ არა საჭირო ძალის ასე გამოყენება, რამაც გამოიწვია ამ ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალება. პანკისთან დაკავშირებით, ხელისუფლებას ვურჩევდით, რომ ყოფილიყო უფრო კომპლექსური მიდგომა, მათ შორის უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან ყოფილიყო სხვადასხვა ტიპის ინტეგრაციული მიდგომა, ეს ყველაფერი არ იქნა გათვალისწინებული და ჯამში, ჩვენ ამ დაშვებულ შეცდომებს ვიმკით დღეს“, _ თქვა სერგი კაპანაძემ “გურია ნიუსთან” საუბრისას.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის განცხადებით, შესაბამისმა სამსახურებმა, მოსახლეობას არსებული მტკიცებულებები წარუდგინა, მაგრამ თუ ისევ არსებობს რაიმე სახის კითხვები და თუ იქნება შესაძლებელი ამის საჯაროდ საუბარი, მაშინ შესაბამისი სამსახურები საჯაროდ გასცემენ ყველა კითხვას პასუხს.
,,რაც დავინახე შესაბამისის სამსახურების საქმიანობაში და განწყობებში, ისინი მაქსიმალურად არიან მონდომებულები, იმგვარად, რომ გამოძიებამაც რომ არ იზარალოს და ასევე, მაქსიმალურად მოახდინოს საზოგადოების ინოფორმირება გამოძიების საკითხებზე და ზოგადად, ამ საქმესთან მიმართებაში. ამ თვალსაზირისით ჩემთვის ძალიან ნიშანდობლივი იყო ის, რომ მოსახლეობასთან უშუალოდ მოხდა შეხვედრა და მათ გარკვეული მტკიცებულებები წარუდგინეს. ანუ ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, შესაბამისი სამსახურები ძალიან აქტიურები არიან, მაგრამ თუ კიდევ არის რაიმე კითხვები, რომელზეც შესაძლებელია საჯაროდ ვისაუბროთ და პასუხები საჯაროდ გავცეთ, დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი სამსახურები ამ ზომებსაც მიიღებენ“, _ განაცხადა გიორგი კახიანმა
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, თავის არეში დაჭრილი 19 წლის თემილან მაჩალიკაშვილი ამ დილით, წმინდა მიქაელ მთვარანგელოზის სახელობის მრვალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.