პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მას ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორის ხათუნა ჭონიაშვილმის ინფორმაციით, ახალგაზრდას ქალა-ტვინის გამჭოლი ჭრილობა აქვს და შესაბამისად, ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.
თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები და ოჯახის წევრები გუშინ დაკითხეს.
პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სუსმა 5 პირი დააკავა. ოფიციალური ინფორმაციით, სწორედ ეს ადამიანები იყვნენ აჰმედ ჩატაევის მოკავშირეები, ისინი დაეხმარნენ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლასა და თბილისში ბინის ქირაობაში, სადაც 21-22 ნოემბერს სპეცოპერაცია ჩატარდა.
სუს-ის ცნობით, დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს მოკლულ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმები საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსზე.
შეგახსენებთ, რომ აჰმედ ჩატაევმა, თბილისში, 22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს, თავი აიფეთქა. ეს ფაქტი, დამნაშავეთა ცხედრების ექსპერტიზის შემდეგ, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს.